ბრწყინვალე შესრულება - ყაზაიშვილმა კორეაში გაიტანა
''ულსან ჰიუნდაის'' ქართველმა ''ათიანმა'' ვაკო ყაზაიშვილმა ''სუვონ სიტის'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა. 55-ე წუთზე მაღალ კუთხეში შეაგდო, ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ყაზაიშვილმა K ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლი ჩაიწერა აქტივში.
ვაკოს გოლიდან 5 წუთში ''ულსან ჰიუნდაის'' ფეხბურთელმა იუნ ამანომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
15 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ჩემპიონატს ''ულსან ჰიუნდაი'' 36 ქულით ლიდერობს, უშუალო კონკურენტს 10 ქულით უსწრებს.
ამ მატჩის შემდეგ ყაზაიშვილი საქართველოში გაემგზავრება, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით უახლოეს სანაკრებო მატჩებისთვის მოემზადება.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 2 ივნისს უმასპინძლებს, 5 ივნისს კი ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოს სკოპიეში მიიღებს. მე-4 ტურში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს უმასპინძლებს (12 ივნისი).