"დიდი პატივი იყო" - აბრამოვიჩი ჩელსის დაემშვიდობა
დღეს, ცნობილი გახდა, რომ „ჩელსი“ გაიყიდა. ლონდონური კლუბი ბოელისა და ქლიარლეიქის კონსორციუმმა შეიძინა. ეს ინფორმაცია, „არისტოკრატების“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა.
ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, „ჩელსიმ“ რომან აბრამოვიჩის გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.
აბრამოვიჩი:
„ამ კლუბის მფლობელობა დიდი პასუხისმგებლობაა. მე აქ თითქმის 20 წლის წინ მოვედი და კარგად ვიცი რა შეუძლია „ჩელსის“. ჩემი მთავარი მიზანი ახლა იმის უზრუნველყოფაა, რომ ახალმა მფლობელმა კაცთა და ქალთა გუნდი სწორი გზით განავითაროს. ასევე, სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ჩვენი აკადემია და კლუბის ფონდი.
მოხარული ვარ, რომ ეს ძიება წარმატებით დასრულდა. როდესაც ახალ მესვეურებს კლუბს გადავცემ წარმატებას ვუსურვებ, როგორც სტადიონზე, ასევე მის გარეთ. დიდი პატივია, რომ წლების მანძილზე „ჩელსის“ ნაწილი ვიყავი.
მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა ყოფილ და ამჟამინდელ მოთამაშეს, პერსონალს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს ამ წარმოუდგენელი წლებისთვის. მე ვამაყობ, რომ ჩვენი ერთობლივი წარმატებების შედეგად მილიონობით ადამიანი ისარგებლებს ახალი საქველმოქმედო ფონდით. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით.“