ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა - მერებაშვილმა პოლონური კლუბი დატოვა
პოლონური ''პოდბესკიძე'' 35 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა დატოვა. CrystalSport-ის ცნობით, ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა.
ექსტრაკლასაში, პლოცკის ''ვისლაში'' გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ (2016-21) მერებაშვილი გასული სეზონის დაწყებამდე რანგით მეორე ლიგის ''პოდბესკიძეს'' შეუერთდა, რომლის მაისურით 33 მატჩში 5 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა.
მას ასევე უასპარეზია თბილისის ''დინამოში'' (2005-10, 2012-14), სერბულ ''ვოივოდინაში'' (2010-12), ოფი-ში (2014-15), ''ვერიასა'' (2015) და ''ლევადიაკოსში'' (2016).
მისი გამოცდილების გაზიარება, მასთან ერთად ვარჯიში თუ თამაში ახალი თაობის ფეხბურთელების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. CrystalSport-ის ცნობით, ამ ეტაპზე მოთამაშეს წინადადებები არ მიუღია, გუნდი ახლახანს დატოვა, სატრანსფერო ფანჯარაა წინაა და ქართულ კლუბებს დრო აქვთ მასთან მოლაპარაკების გასამართად, განსაკუთრებით მათ, ვისაც ევროტურნირზე თამაში უწევთ.
2008-19 წლებში გიორგი მერებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში მოლდოვას გაუტანა, ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში კი - ყაზახეთს.
ფოტო: tspodbeskidzie.pl