„ნაპოლისთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა" - არჩილ ბერიძემ ხვიჩაზე ისაუბრა
„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. აჭარული კლუბის ხელმძღვანელმა ინტერვიუ Sport-express-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარამ“ „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
„ხელშეკრულება გაფორმებულია და ცოტა ხნის წინ, ნაპოლის წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებოდნენ. ტრანსფერისა და მისი დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, რაც ხვიჩა ნეაპოლში ჩავა.
ჩემი ოცნებაა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა დინამო ბათუმს დაეხმაროს. უახლოეს პერიოდში მე და კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში გავემგზავრებით და ამ საკითხს იქ გადავწყვეტთ. გვჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია, რადგან წესებით დაშვებულია, რომ ფეხბურთელმა ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთი გუნდის რიგებში ითამაშოს, ჯგუფური კი - მეორეში.“
ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.