ფინალის შემდეგ ბაიერნში გადავა? მანემ შესაძლოა ლევანდოვსკი შეცვალოს
შესაძლოა სადიო მანემ კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს.
Sport1-ის ცნობით, მანეს გადაბირებით პსჟ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან. თავად სენეგალელი გუნდის შეცვლას არ გამორიცხავს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ანაზღაურება სახელდება. სადიო თვლის, რომ „მერსისაიდელები“ მას საკმარისად არ აფასებენ.
ამჟამად „ლივერპული“ მანეს წლიურად 12 მილიონ ევროს უხდის და სენეგალელი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის სათავესთან საკმაოდ შორს არის. „ბაიერნი“ მზადაა მანეს მეტი გადაუხადოს, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის საშინელი შედეგებისა. ეს მოხდება და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რობერტ ლევანდოვსკი კლუბს დატოვებს.
ახლა სადიო სრულად არის ორიენტირებული ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც ხვალ გაიმართება. მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია.
„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ ახლა გამიჭირდება პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვარ ორიენტირებული. მატჩის შემდეგ მკითხეთ და გიპასუხებთ“.
- ამბობს მანე თავის მომავალთან დაკავშირებით.
იულიან ნაგელსმანი მანეს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად ხედავს. „ბაიერნის“ თავკაცს სურს გამოიყენოს ისეთი სქემა, როგორიც პეპ გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტიში“ გამოიყენა - ცრუ ცხრიანი.
Bild-ის ცნობით, ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებები ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უნდა დაიწყოს. მანეს სურს „ლივერპულთან“ ერთად თასის მოგება და შემდეგ „ბაიერნში“ გადასვლა.
„ბაიერნი“ მანეს სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.