ბოსტონის დომინაცია გრძელდება - სელტიკსს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-5 მატჩი გაიმართა. „მაიამი ჰიტმა“ საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიკსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 13 ქულის სხვაობით 80:93 დამარცხდა. თავისმხრივ, ბოსტონელებმა მეტოქე ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაამარცხეს და სერიაში 2:3 დაწინაურდნენ.
სტუმრების შემადგენლობაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა ჯაილენ ბრაუნმა, რომელმაც მეტოქის ფარში 25 ქულის ჩაგდება შეძლო, ამასთან, ამერიკელმა კალათბურთელმა 4 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკიც მიითვალა. უდოკას გუნდიდან ჯეისონ ტატუმიც გამოირჩა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 გადაცემა დააკლდა. ტატუმმა საერთო ჯამში შეხვედრა 22 ქულით, 12 მოხსნით და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
რაც შეეხება „ჰიტს“, მაიამის კალათბურთელები შედეგიანობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. ერთადერთი კალათბურთელი, რომელსაც ამ მხრივ პრეტენზია ექნება ბამ ადებაიოა, რომელმაც „სელტიკსს“ 18 ქულა ჩაუგდო და ფარიდან ბურთი 10-ჯერ მოუხსნა, ამასთან თითო-თითო ასისტი და ბლოკიც მიითვალა. გუნდის ლიდერმა, ჯიმი ბატლერმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბოსტონელები უკეთეს მდგომარეობაში არიან. უდოკას გუნდი ფინალური სერიის მე-6 მატჩს უკვე საკუთარ მოედანზე, 28 მაისს გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში NBA-ს საჩემპიონო სერიის ფინალში გავლენ.