SPORT BILD: რეალი გნაბრიზე გადაერთო
მას შემდეგ, რაც მბაპემ „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა გადაწყვიტა მადრიდის „რეალს“ სამომავლო გეგმები აერია. ფლორენტინო პერესს შეტევის გაძლიერება სურს და ახალი კანდიდატი შეარჩია.
გერმანული გამოცემა SPORT BILD მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელზე სერჟ გნაბრიზე წერს, რომელსაც „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება.
იმის გამო, რომ გერმანელ შემტევს ხელშეკრულება მალე უმთავრდება, „სამეფო კლუბი“ 20 მილიონს იხდის. გერმანულ გიგანტს საკუთარი მოთამაშისთვის ახალი კონტრაქტი მზად აქვს, თუმცა გნაბრი განაწყენებულია და ხელის მოწერას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ გნაბრიმდე კონტრაქტი კინგსლი კომანს, ლეონ გორეცკას და იოზუა კიმიხს გაუხანგრძლივეს. სერჟმა კი თავი უმნიშვნელო ფეხბურთელად იგრძნო და მისი განაწყენების მიზეზი სწორედ ეს გახდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მან „ბაიერნის“ დატოვება გადაწყვიტოს.
გნაბრი „ბაიერნში“
26 წლის შემტევი მიუნხენურ გრანდს 2017 წელს შეუერთდა, თუმცა „ბაიერნმა“ ის 1 წლით „ჰოფენჰაიმში“ გაანათხოვრა. 2018 წლიდან დღემდე, გნაბრიმ „რეკორდმაისტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 171-ჯერ მოირგო, 64 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.