რეალის ახალი სამიზნე - 120 მილიონი პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ
მადრიდის „რეალი“ რაფაელ ლეაოს გადაბირებით ინტერესდება. ამ ინფორმაციას გავლენიანი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი ავრცელებს და წერს, რომ მადრიდელები სერიოზული ფინანსური რესურსის გაღებას აპირებენ.
როგორც ირკვევა, „სამეფო კლუბს“ ლეაოსთვის 120 მილიონი ევრო აქვს გადანახული. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ყველაფერი ინტერესის დონეზეა დარჩენილი. „როსონერის“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ უნდა და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
საინტერესოა, რომ ლეაოს გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა და „შავ-წითლები“ უკან დახევას არ აპირებენ. Corriere dello Sport-ის მიხედვით, ლეაოს მსურველმა კლუბმა მიზნის მისაღწევად გამოსასყიდი თანხა უნდა დაფაროს, რაზეც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჯერჯერობით უარს აცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ ლეაომ სერია A-ს 2021-22 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და „როსონერის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იგი აღნიშნული გათამაშების MVP-დ დაასახელეს და „რეალის“ გარდა, მისით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდი ინტერესდება. „მილანი“ საჩემპიონო ბირთვის შენარჩუნებას აპირებს და ლეაოს გაშვება „შავ-წითელთა“ პერსპექტივაში არ შედის.