ვალენსიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა - მამარდაშვილი მეორე ადგილზე გავიდა
ვალენსიურმა რადიომ, Plaza Radio-მ „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. აღნიშნული ჯილდო „ღამურების“ პორტუგალიელ შემტევს, გონსალო გედეშს ერგო, რომელმაც ამ წარმატებას ზედიზედ მეორედ მიაღწია.
გედეში Plaza Radio-ს მსმენელებმა გამოარჩიეს, რომლებიც ხმას მთელი სეზონის განმავლობაში, გადაცემა El Matx-ის მიმდინარეობისას აძლევდნენ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ „ღამურების“ გულშემატკივრებს უყურადღებოდ არც გიორგი მამარდაშვილი დაუტოვებიათ, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
საბოლოო შედეგებით გედეშმა 46 ქულა დააგროვა, მამარდაშვილმა კი 28 ქულა მიიღო. გიორგიმ უგო დუროს (24 ქულა), კარლოს სოლერს (23 ქულა), უგო გილიამონს (19 ქულა), იასპერ სილესენს (18 ქულა), ხოსე ლუის გაიას (18 ქულა), ბრაიან ხილს (18 ქულა), ომარ ალდერეტეს (17 ქულა) და მუკტარ დიახაბის (17 ქულა) აჯობა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.