ბრძოლა დასრულდა - გიორბელიძის გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი დრეზდენის ''დინამო'' ''კაიზერთან'' დამარცხდა. ფლეი-აუტის პირველი შეხვედრა ''კაიზერსა'' და ''დინამოს'' შორის უგოლოდ დასრულდა, საპასუხო მატჩი გიორბელიძის გუნდმა საშინაო კედლებში 0:2 დათმო და რანგით მესამე ლიგაში გავარდა.
პირველ შეხვედრაში გიორბელიძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, საპასუხო მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
2021 წლის ზაფხულში ავსტრიულმა ''ვოლფსბერგერმა'' გიორბელიძე ერთი სეზონით მეორე ბუნდესლიგაში გაანათხოვრა, თუმცა დრეზდენის ''დინამოსთვის'' წარუმატებელი სეზონი გამოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ დრეზდენული გუნდი მესამე ლიგაში დაქვეითდა, გიორბელიძე კარიერა აღნიშნულ კლუბში დასრულდა, გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მარცხენა მცველმა მეორე ბუნდესლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, დიდი გამოცდილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული, რაც გერმანიის ჩემპიონატის თამაშებში კარგად ჩანდა.
მოთამაშეს ''ვოლფსბერგერთან'' კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.