რომა, კონფერენს ლიგა, ფეიენოორდი, არნე სლოტი
Aa
Aa

რომა VS ფეიენოორდი - მატჩის წინ

კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს „რომა“ და „ფეიენოორდი“ დაუპირისპირდებიან. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რომა“

ჟოზე მოურინიოს გუნდს საკმაოდ ემოციური სეზონი ჰქონდა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. თავად „განსაკუთრებული“ კი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა.

„რომამ“ სერია ა მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. მოურინიოს ბიჭებმა 38 შეხვედრიდან 18 მოიგეს, 11 წააგეს, ხოლო 9-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.

„ჯალოროსიმ“ ფინალამდე საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა. იტალიურმა კლუბმა მერვედფინალში „ვიტესი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში „რომა“ მისთვის კარგად ნაცნობ „ბოდო გლიმტს“ გადაეყარა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 6:1 დაამარცხა.

ამჯერად რომაელებმა ძალები გამონახეს და მეტოქე ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ „ბოდო გლიმტმა“ პირველი დაპირისპირება საკუთარ კედლებში 2:1 მოიგო, თუმცა სტუმრად 0:4 წააგო.

ნახევარფინალში კი ჟოზეს ბიჭებმა „ლესტერის“ ბარიერი დაძლიეს. ინგლისში ჩატარებული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო რომში „ჯალოროსიმ“ 1:0 გაიმარჯვა.

დანაკლისი:

„რომას“ კონფერენს ლიგის ფინალში შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთი ჰენრიკ მხითარიანი გამოაკლდეს. სომეხმა ფეხბურთელმა ვარჯიში გუშინ დაიწყო და შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილოთ. სხვა მხრივ, ყველა მოთამაშე მწყობრშია.

რა თქვა ჟოზემ მატჩის წინ?

„სეზონის ბოლო მატჩია და ამ ბრწყინვალე მოგზაურობის დასასრულს ვუახლოვდებით. გასულ კვირას სერია ა-ში ფინალი ვითამაშეთ, რათა ევროპის ლიგის საგზური მოგვეპოვებინა და ეს გამოგვივიდა. ახლა ახალი ისტორიის დაწერის დროა და კონფერენს ლიგა უნდა მოვიგოთ.

დიდი ენთუზიაზმი გვაქვს და ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. კარგი განწყობის გარეშე ასეთი დონის თამაშს ვერ მოიგებ. მხითარიანმა ვარჯიში განაახლა და ეს კარგია. ის მეუბნება, რომ სათამაშოდ მზად არის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ჩემთვის ეს პირველი ფინალია.

თუ გავიმარჯვებ, მე გავხდები პირველი მწვრთნელი, რომელსაც ყველა ევროპული საკლუბო ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიგებთ. „განსაკუთრებულის“ ისტორია დაძველდა. ეს საინტერესო მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც კარიერას ვიწყებდი. არანაირი მაგიის არ მჯერა. ფინალში ყოფნა დავიმსახურეთ და პირველ რიგში ეს ფეხბურთელების დაუღალავი შრომის შედეგია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება ფინალი.. სეზონი მაინც დადებითად შეფასდება.”

„ფეიენოორდი“

არნე სლოტის გუნდს ბოლო წლებთან შედარებით ნიდერლანდების ერედივიზიონში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. გარკვეული პერიოდი „ფეიენოორდი“ ჩემპიონობისთვისაც იბრძოდა, თუმცა პსვ-ს და „აიაქსს“ კონკურენცია ვერ გაუწია და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

22 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება და 71 ქულა - ასეთია „ფეიენოორდის“ 2020/2021 წლების სეზონის მონაგარი. ამ შედეგით, ნიდერლანდურმა კლუბმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაინაღდა.

განსხვავებით ერედივიზიონისგან, „ფეიენოორდი“ ბრწყინვალედ გამოვიდა კონფერენს ლიგაზე. ნიდერლანდელებმა ჯგუფური ეტაპი 14 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. 4 მოგება და 2 ფრე.

მერვედფინალში სლოტის გუნდი პარტიზანს დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა მოუგო. ჯამში 8:3. მეოთხედფინალში „ფეიენოორდმა“ პრაღის „სლავიასთან“ იბრძოლა. პირველი შეხვედრა 3:3 დასრულდა, ხოლო მეორე სლოტის შეგირდების სასარგებლოდ 3:1.

ნახევარფინალი საკმაოდ დრამატული გამოდგა. პირველი შეხვედრა ნიდერლანდებში გაიმართა, სადაც „ფეიენოორდი“ „მარსელს“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. განმეორებით მატჩში ფრანგები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დანაკლისი:

არნე სლოტს ფინალისთვის ორი ფეხბურთელი არ ეყოლება. საუბარია 20 წლის ამერიკელ კოულ ბასეტზე და ასევე 20 წლის ტინ ტრუსტზე. სხვა მხრივ, „ფეიენოორდს“ ყველაფერი წესრიგში აქვს.

არნე სლოტი მატჩის წინ:

„საქმეები ძალიან კარგად მიდის. ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ და გუნდში შესანიშნავი განწყობაა. თუ დღეს რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მაშინ გუნდი სრულ მზადყოფნაშია. ძირითად შემადგენლობაში პირველი მეკარე ითამაშებს.

„რომა“ დიდი გუნდია და პატივს ვცემ. მათ მსოფლიოში უძლიერესი მწვრთნელი ჰყავთ. ადვილ დაპირისპირებას არ ველოდები, მაგრამ ის, რაც ჩვენ „მარსელის“ წინააღმდეგ გავაკეთეთ უნიკალური იყო. ამას არავინ ელოდებოდა. იმედი მაქვს კარგ მატჩს ვიხილავთ და გულშემატკივრები სიამოვნებას მიიღებენ. შანსი გვაქვს ტიტული 20-წლიანი პაუზის შემდეგ მოვიპოვოთ.“

ცნობისთვის, „რომას“ ევროტურნირი არასდროს მოუგია და ეს „ჯალოროსის“ ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. მოტივაციის ნაკლებობას არც „ფეიენოორდი“ განიცდის, რადგან ნიდერლანდურმა კლუბმა უკანასკნელად ევრო ტურნირი 20 წლის წინ მოიგო.(უეფა-ს თასის ფინალში „დორტმუნდი“ დაამარცხა).

აღნიშნული დაპირისპირება 25 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის ჩავისთან ვიდეოზარი ჰქონდა - ბარსელონამ ბაიერნს შეთავაზება გაუკეთა
ლევანდოვსკის ჩავისთან ვიდეოზარი ჰქონდა - ბარსელონამ ბაიერნს შეთავაზება გაუკეთა