ბენზემა: "ჩემპიონები აუცილებლად ჩვენ გავხდებით"
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. ერთმანეთს ორი გამორჩეული გუნდი მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან. „სამეფო კლუბის“ მთავარმა დამრტყმელმა ძალამ კარიმ ბენზემამ მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით MARCA-სთან ისაუბრა.
ბენზემა:
„ვინისიუსი რჩევებს არ მეკითხება. მე მას გამუდმებით მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოვუწოდებ. ის ახალგაზრდაა, მაგრამ მინდორზე სულ სხვანაირად იქცევა. მან უკვე 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ადამიანები ყოველთვის საუბრობენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებზე, მაგრამ არასდროს არაფერს ამბობენ ვინისიუსზე, რომელსაც უამრავი გოლი გააქვს და საგოლე პასებს აკეთებს. ბრაზილიელს ყოველთვის ბევრს ვესაუბრები, რადგან მას შეუძლია იყოს გადამწყვეტი ნებისმიერ მატჩში. მისგან უდიდესი ფეხბურთელი დადგება.
არანაირ ზეწოლას არ განვიცდი. მოედანზე სრულ თავისუფლებას ვგრძნობ. ფინალისთვის იდეალურად ვემზადებით და გუნდში არცერთი ტრავმირებული ფეხბურთელი არ გვყავს. თანაგუნდელებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ თამაშით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და დატკბნენ.
„ლივერპული“ დიდებული გუნდია, რომელიც ბოლო წლებში არ შეცვლილა. მათზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ. პირველ რიგში ჩვენს ტაქტიკაზე და სათამაშო სტილზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ, ჩემპიონები აუცილებლად ჩვენ გავხდებით. არ აქვს მნიშვნელობა მინდორზე რომელ წუთზე შემოვა ფეხბურთელი. გამარჯვებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს.
პლეი-ოფში ძალიან ბევრი ემოცია მივიღე. „რეალზე“ ყოველთვის დიდი ზეწოლაა და სწორედ ამიტომ გამოგვდის ჯადოსნური ღამეები. საოცარი გულშემატკივრები გვყავს და მათ გარეშე არაფერი გამოგვივა. ასევე გეტყვით, საფეხბურთო იღბალი ძალიან ბევრს ნიშნავს და საბედნიეროდ ის ხშირად მოდის. იღბალი მაშინ მოდის, როდესაც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებ.“
ბენზემა მიმდინარე სეზონში
კარიმ ბენზემა კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბენზემა 27 გოლით ლა ლიგის ბომბარდირი გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირის ტიტულს ვერავინ წაართმევს. ასევე გეტყვით, კარიმს „რეალში“ ჯამში 324 გოლი დაუგროვდა და ამ შედეგით ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გაუთანაბრდა.