მბაპე: "დავრწმუნდი, ეს საუკეთესო არჩევანი იყო"
კილიან მბაპეს კონტრაქტის გახანგრძლივებას დიდი გამოხმაურება მოყვა. „პარი სენ ჟერმენის“ ქომაგების გარდა, ფრანგ სუპერვარსკვლავს თითქმის ყველა აკრიტიკებს. სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გავიგეთ, რომ კილიანი ესპანურ გამოცემა MARCA-ს ვრცელ ინტერვიუს მისცემს.
ავტორიტეტულმა გამოცემა BBC-მ აღნიშნული ინტერვიუს გარკვეული ნაწილი მოიპოვა და საკუთარ საიტზე განათავსა.
„პსჟ-ში დარჩენის გადაწყვეტილება ბოლო ერთ კვირაში მივიღე. პირველ რიგში, მე მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ვესაუბრე, რადგან მას და მის კლუბს დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო, რომ პირადად მეთქვა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
დიდი ფეხბურთელობა თუ გსურს, პირველ რიგში გულწრფელი უნდა იყო. პერესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ყოველთვის 100%-ით მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. სეზონის განმავლობაში არცერთ სპეკულაციას არ ავყოლივარ, რადგან პირადი და გუნდური მიზნები მქონდა. გადაწყვეტილება სეზონის დასრულების შემდეგ უნდა მიმეღო.
კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან მატჩში მივიღე მონაწილეობა. მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და გავიმარჯვე. მინდა, რომ წარმატებული გზა გავაგრძელო. ყოველთვის მსურს ხალხს სიამოვნება მივანიჭო. ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მათთვის მაგალითი მინდა ვიყო.
ჩემი ქვეყნის დატოვება არ არის სწორი. ამაში სენტიმენტალური ასპექტიც არის, რადგან ეს ჩემი სამშობლოა. „პარი სენ ჟერმენის“ მიმდინარე პროექტი შეიცვალა და აქ დარჩენის სურვილი სწორედ ამან გამიჩინა. ვფიქრობ, პარიზში ჩემი ისტორია არ დასრულებულა. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა..
გვინდა, რომ, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგოთ. ჩემპიონთა ლიგა კი პრიორიტეტი იქნება. ამ გზას აუცილებლად გავივლით. მე ვრჩები ფეხბურთელად, რომელიც გუნდის ნაწილია და ამ როლს არ გავცდები. ყველამ იცის, რომ გასულ წელს წასვლა მინდოდა. ახლა დავრწმუნდი, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო, მაგრამ წლები გადის და ყველაფერი იცვლება..
მბაპეს ბენეფიტები პსჟ-ში
გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მას კლუბის სპორტულ პროექტზე სრული კონტროლი შესთავაზა. კილიანს უფლება ექნება მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელები თანახმა არიან, მბაპეს ყოველთვიურად 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით მეტია. ამასთან, ფრანგი ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსსაც მიიღებს, რომელიც 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ფრანგი შემტევი მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა და რეალურად ასეც იყო, თუმცა პსჟ-ს შეთავაზებულმა ფინანსურმა სარგებელმა მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.