დიეგო მარადონა, მარტინ პალერმო
Aa Aa

“ღმერთი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება“ - მე მარადონა ვარ

„უკანასკნელად მარადონას ხმა 2020 წლის დასაწყისში გავიგე. იმ დროს არგენტინაში დავბრუნდი, მას შემდეგ, რაც მექსიკური კლუბი „პაჩუკა“ დავტოვე. როდესაც ტელეფონს დავხედე და დიეგო დაეწერა სიმართლე გითხრათ გამიკვირდა.. არ მეგონა, რომ იმ დროს მარადონას ასეთი ზარების დრო ჰქონდა.. - იხსენებს მარტინ პალერმო

ვგულისხმობ, რომ მარადონა იყო ადამიანი, რომელსაც 24 საათი კვირაში 7 დღე დასდევდნენ. გულშემატკივრები და ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევდნენ. ეს ძალიან დამღლელი უნდა ყოფილიყო და ამის პარალელურად ის კიდევ წვრთნიდა არგენტინის უმაღლესი დივიზიონის გუნდს „ხიმნასია ლა პლატას“.

მიუხედავად ამისა მე შევცდი. დიეგომ ჩემთან დარეკვის დრო მაინც გამონახა. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით, მაგრამ დიდი ხანი იყო გასული მას, შემდეგ, რაც ერთად ვიმუშავეთ. დიეგო საქმეზე სალაპარაკოდ არასდროს მირეკავდა. ჩვენი საუბრები ძირითადად პირადული იყო.

მან თქვა: „გამარჯობა პალერმო როგორ ხარ? როგორ არის შენი ოჯახი? როდის მოხვალთ ჩემთან მწვადზე?“

ასეთი იყო დიეგო. კარგად იცოდა, რომ მისი ყოფნა გარშემომყოფთათვის მნიშვნელოვანი იყო. გამუდმებით სურდა სცოდნოდა როგორ ვიყავი და რას ვაკეთებდი. ის ისეთ დროს ჩნდებოდა, როცა არ ველოდებოდი. მარადონა ყველაზე მზრუნველი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ყველას უნდა გესმოდეთ, რომ დიეგო ასეთი მხოლოდ ჩემთან არ ყოფილა. მისგან წარმოუდგენელი სითბო მოდიოდა და უახლოესი ადამიანების გახარება პრიორიტეტი იყო.. ეს არის მიზეზი, რის გამოც მის გარდაცვალებას ჯერ კიდევ ვერ ვეგუები..

როდესაც ეს ამბავი გავიგე მის მეგობარ ჟურნალისტს დავურეკე და ვკითხე: „სიმართლეა?.. დიახ..“

ასეთ დროს დაჯერება გიჭირს და არც მე მჯეროდა. მარადონა ხშირად ყოფილა მსგავს სიტუაციებში და საავადმყოფოშიც ბევრჯერ იწვა. ჭორებიც მრავალჯერ გავრცელებულა.. დიეგო ყოველთვის ახერხებდა გამოჯანმრთელებას და ვფიქრობდი, რომ ეს მორიგი ასეთი შემთხვევა იქნებოდა.. სამწუხაროდ, ცნობები მისი გადარჩენის შესახებ არ გავრცელდა..

რაც უფრო მეტ ხანს ველოდი, მით უფრო ვნერვიულობდი. ჟურნალისტს არ დავუჯერე და მის ყოფილ მეუღლეს კლაუდიას დავურეკე. მანაც იგივე მიპასუხა, თუმცა ბოლომდე ამის დაჯერება არ მინდოდა. ჩემი გონება დიეგოს სიკვდილის მიღებას არ აპირებდა. ჩემს ფიქრებში მას 100 წელზე მეტი უნდა ეცოცხლა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ასე იქნებოდა..

წელიწადზე მეტი გავიდა და კვლავ მაქვს ის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. რა თქმა უნდა, დიეგო ისევ აქ არის. მე ბევრი არგენტინელის სათქმელს ვამბობ. ყველას გვიჭირს სამყაროს მარადონას გარეშე აღქმა. ის ხელშეუხებელი იყო. 1986 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი თამაშის ყურებისას ჩემი საფეხბურთო ხედვა შეიცვალა. იმ დროს კარგად გავაანალიზე, თუ რას ნიშნავდა მარადონა მსოფლიოსთვის.

მე მას კვლავ აღვიქვამ ისე, როგორც წარმომადგენლობით ფიგურას, რასაც ვგრძნობ ფეხბურთის მიმართ. ამას რამე აზრი აქვს? ნება მომეცით ავხსნა. 1986 წელს 12 წლის ვიყავი და ჩემი უბნის მოედანზე მეგობრებთან ერთად გამუდმებით ფეხბურთს ვთამაშობდი. თავშეკავებული ადამიანი ვიყავი და მამაჩემს ფეხბურთზე ხშირად არ ვესაუბრებოდი.

მე მხოლოდ შეხვედრის ანგარიშს ვეუბნებოდი. ის კი მეკითხებოდა გავიტანე თუ არა.. სახლში ემოციურად არასდროს შევდიოდი და არ ვყვიროდი, რომ გოლი გავიტანე და მოვიგეთ. ამ ემოციებს ჩემთვის ვიტოვებდი. ამ საოცარ გრძნობებს ფეხბურთის თამაშისას განვიცდიდი. 1986 წლის მუნდიალის შემდეგ ყველა შეგრძნება გაძლიერდა.

თამაშებს ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურებდი და ნათლად ვხედავდი, თუ რას აკეთებდა დიეგო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. როცა ქუჩაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აღსანიშნავად გამოვედით მივხვდი, რომ ეს კმაყოფილების და სიამოვნების უდიდესი გამოხატულება იყო. მთელი ამ ემოციის წყარო მარადონა იყო.

დროის გასვლასთან ერთად, რა თქმა უნდა მივხვდი, რომ ფეხბურთმა შეიძლება ტკივილიც მოგაყენოს. ბავშვობაში გართობის მიზნით თამაშობ და არავინ არაფერს გავალდებულებს. როდესაც პროფესიონალი ხდები შესაძლოა შენი იდეა იყო ფეხბურთელი შეიცვალოს. ჩემი ოცნება „ესტუდიანტეს ლა პლატაში“ თამაში იყო. ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობდი. პირველადმა ტრავმებმა და წარუმატებლობამ იმედგაცრუების განცდა გამიჩინა. ეს მწუხარების გრძნობა იყო, რომელიც მარადონამ სხვებზე უკეთ გადმოსცა..

არასდროს მიფიქრია, რომ მასთან ასეთი ახლო ურთიერთობა მექნებოდა. ჩემთვის მისი უბრალოდ გაცნობაც კი ახდენილი ოცნება იყო. პირველად ის პირადად 1996 წელს ვნახე, როდესაც ჩემი გუნდი „ესტუდიანტესი“ „ბოკას“ ხვდებოდა. ორივე კაპიტნები ვიყავით და როგორც წესი, მატჩის დაწყების წინ კაპიტნები ცენტრში შევიკრიბეთ. გამბედაობა მოვიკრიბე და ვუთხარი: „დიეგო, თამაშის დასრულების შემდეგ, შეიძლება შენი მაისური მე მომცე?“ ორი გოლი გავიტანე და თამაში მოვიგეთ. გუნდის სტაფის წევრი მაისურისთვის გავგზავნე. დიეგომ საკუთარი ფორმა გამომიგზავნა და მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი.

რამდენიმე თვის შემდეგ, მარადონამ „ბოკას“ პრეზიდენტს „ესტუდიანტესიდან“ ჩემი ყიდვა ურჩია. 1997 წელს ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. მისი რჩევით „ბოკაში“ გადავედი. მარადონა, კანიჯა, ლატორე, მონტოია, ფაბრი, ბაროშ შელოტოს ტყუპები.. წარმოუდგენელია, მე მათ გვერდით მიწევდა თამაში. იმ დროს „ბოკა“ ცუდ შედეგს აჩვენებდა, ტიტულისთვის ვერ იბრძოდა და გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ, თუმცა მარადონას იქ ყოფნა სიმშვიდის საფუძველს იძლეოდა.

მარადონა მხოლოდ ნიჭი არ იყო. მასთან თამაში ან უბრალოდ მის გვერდით ყოფნა საოცრად თვითდაჯერებულს გხდიდა. „ბოკაში“ მისი ბოლო თამაში „მონუმენტალზე“ „რივერის“ წინააღმდეგ გაიმართა. კარგად ვხედავდი, თუ როგორ სიამოვნებდა მას მინდორზე გასვლა. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის შემდეგ მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს. გამარჯვების გოლი მე გავიტანე და ორმაგი ზეიმი მივიღე. ერთი ჩემი ღვაწლისთვის და მეორე მისი წასვლისთვის. ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო..

დიეგოსთან ერთად დრო საკმაოდ სწრაფად გადიოდა. ახლა ვფიქრობ, ალბათ ბევრად მეტი სიამოვნება უნდა მიმეღო. მან კარგად იცოდა, რომ მალე პენსიაზე გავიდოდა და ბოლომდე იბრძოდა. სხეული ძლივს უმუშავებდა და გუნდისთვის მაინც ბოლომდე იხარჯებოდა. ეს მეომრებზე ფილმს ჰგავდა, რომელშიც მეომრები სხვებისთვის იბრძოდნენ. მარადონას სწორედ ასეთს ვხედავ. ის იყო გუნდის დირიჟორი და გლადიატორი..

მარადონას კარიერის დასრულება მოუწია, რადგან მისი სხეული დატვირთვას ვეღარ უძლებდა. მას ეს კარგად ესმოდა. ამის შემდეგ, ჩვენ სხვა სახის ურთიერთობა დავიწყეთ. ჩვენ „ბოკამ“ გაგვაერთიანა. თამაშს ვაგრძელებდი და ის კლუბში დირექტორის პოზიციაზე დაბრუნდა. ასეთმა ურთიერთობამ უფრო დაგვაახლოვა. ერთმანეთს ვაჩვენეთ ჟესტები, რომლებიც ორივესთვის ბევრს ნიშნავდა. მარადონა ჩემს ქორწილში იყო და როდესაც ახალშობილი ჩვილი დავკარგე გვერდიდან არ მომშორდა. ასევე, როცა ის თავის ოჯახთან მძიმე პერიოდს განიცდიდა გამუდმებით მასთან ვიყავი.

არასდროს მეგონა, რომ ერთად ისევ ვიმუშავებდი. არგენტინის ნაკრებში 1999 წლის შემდეგ არ მქონდა ნათამაშები. 2008 წელს, 34 წლის ასაკში მძიმე ტრავმა მივიღე და ვფიქრობდი, რომ კარიერას დავასრულებდი. საბედნიეროდ, 2009 წლის დასაწყისში გამოვჯანმრთელდი. ჩემს ცხოვრებაში რაღაც უცნაური პერიოდი გაჩნდა.

მარადონამ ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და აქცენტი არგენტინაში მოთამაშე ფეხბურთელებზე გააკეთა. დამირეკა და გამომიძახა. ეს წარმოუდგენელი იყო.. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასასრულს ვუახლოვდებოდით და გავაანალიზე, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიქნებოდი. სატურნირო ცხრილში გვიჭირდა და პერუსთან აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ბუენოს-აირესში საშინელ ამინდში ვითამაშეთ. იგუაინმა პირველი გოლი გაიტანა და მზად ვიყავით ანგარიში შეგვენარჩუნებინა, თუმცა 89-ე წუთზე რენგიფომ გაათანაბრა. იმ დროს გავიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა. მარადონას მწვავედ გააკრიტიკებდნენ და მთელი ქვეყანა შეგვიძულებდა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კუთხური დაინიშნა. არეულობა იყო და ბურთი საბოლოოდ პირდაპირ ჩემსკენ გამოფრინდა. დავარტყი და გავიტანე.. გიჟივით გავიქეცი, თანაგუნდელები მომყვებოდნენ და ბოლო ხმაზე ვყვიროდით. სტადიონი აფეთქდა. მარადონა მთელი სისწრაფით ჩვენსკენ გამოიქცა. ის სველ მინდორზე მკერდით გასრიალდა. საოცარი, დაუვიწყარი ღამე იყო..

ამ გამარჯვებამ ჩემი და დიეგოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა. მისი რწმენა ჩემს მიმართ გამართლებული აღმოჩნდა. კარგად მახსოვს, 1986 წლის მუნდიალზე მოსახვედრად არგენტინამ გვიან გატანილი გოლით სწორედ პერუ დაამარცხა. ეს ყველაფერი მხოლოდ დამთხვევა იყო? მე ასე არ ვფიქრობ.. ეს იყო უხილავი კავშირი ჩვენს შორის.

როდესაც ასეთი გამარჯვების გოლი გაგაქვს იწყებ ფიქრს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას იმსახურებ. მარადონა საბოლოო შემადგენლობის დასახელებისთვის ემზადებოდა, რომელიც ძალიან გაიწელა. წარმოდგენა არ მქონდა წამიყვანდა, თუ არა.. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მე მუნდიალზე წავიდოდი.. ჩვენი ეს საუბარი და მისი ხმა ახლაც მახსოვს. თითქოს გუშინ იყო..

ამის გამო მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. გამუდმებით მადლობას ვუხდიდი და ხშირად ვაწუხებდი კიდეც. იმ აზრს შეგუებული ვიყავი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვითამაშებდი, რადგან ჩვენ მესი, ტევესი, იგუაინი და ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელი გვყავდა. ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ და დიეგომ 10 წუთით საბერძნეთის წინააღმდეგ შემიყვანა. მოცემული დრო მეყო და გოლი გავიტანე. ჩემი მთელი ოჯახი სტადიონზე იყო და ერთად ვზეიმობდით. ამ გოლმა მთელი ჩემი კარიერა სხვანაირი გახადა. ამ დღემ დიეგოსთან კიდევ უფრო მეტად დამაკავშირა.

ითამაშო მარადონასთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა. ის თავს ძლიერად გვაგრძნობინებდა. ეს ყველაფერი ტაქტიკას სცდებოდა. მერვედფინალში გასვლის შემდეგ, მართლა გვეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით. დიეგოს მწვრთნელის რანგში მუნდიალი მოგებული არ ჰქონდა და ეს ბედისწერას ჰგავდა.. ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვეგო..

დიახ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი, იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, როგორც ჩემი კარიერის, ასევე დიეგოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

მუნდიალის შემდეგ, დიეგოს ცხოვრება უკან წავიდა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ძალიან რთულია იყო პროფესიონალი ფეხბურთელი ან მწვრთნელი. კიდევ უფრო რთულია იყო დიეგო მარადონა.  მას 24 საათის განმავლობაში დასდევდნენ, თაყვანს სცემდნენ, ავიწროებდნენ და თავს ესხმოდნენ. ქუჩაშიც კი ვერ გადიოდა მშვიდად. როგორ შეიძლება ველოდოთ ასეთ პირობებში ნორმალურ ცხოვრებას?

დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ყველაფერს გავაკეთებდი დიეგოს ბოლო წლებში დასახმარებლად. ვეცდებოდი, რომ მას გაცილებით ბუნებრივად ეცხოვრა. მისი დაბერების ნახვა მინდოდა.. ბევრი ცდილობდა მის დახმარებას, მაგრამ არავის გამოსდიოდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში რადიკალურად გაუარესდა და ეს არ ის მარადონა, რომლის ნახვაც მე არ მომწონდა. სულიერად და ფიზიკურად ის თავის თავს აღარ ჰგავდა..

ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ბოლო წუთებში ის მარტო იყო. მას კარგად არ უვლიდნენ. მას არ შეეძლო ეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, როგორსაც იმსახურებდა. მარადონას არასდროს განვსჯი. ყველამ ვიცით, რომ მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს მისი ცხოვრება და მისი გადაწყვეტილებები იყო. მე მხოლოდ ის მაინტერესებს რას ნიშნავდა ჩემთვის დიეგო და რას მაგრძნობინებდა. განსაკუთრებით საფეხბურთო კონტექსტში.. ვისაც სჯერა, რომ ღმერთი არსებობს და მე მჯერა, დიეგო სწორედ ასეთი იყო ფეხბურთში. ღმერთი ყველაფერში არსებობს და დიეგო ფეხბურთის ღმერთი იყო.

არ ვიცი როდის გავუსწორებ რეალობას თვალს, მაგრამ ალბათ, რაღაც მომენტში მომიწევს იმის აღიარება, რომ ის აღარ არის, წავიდა.. ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი შვილის გარდაცვალება.. მაგრამ მე ჯერ არ მივსულვარ ამ აზრამდე.. ეს ძალიან მტკივნეული და არარეალურია. ჩემთვის დიეგო ისევ აქ არის. ღმერთი ჯერ კიდევ არსებობს და გარკვეულწილად ეს ყოველთვის ასე იქნება..“

გაზიარება: