ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი, რუსტემ საიმანოვი
Aa
Aa

საიმანოვი: ლეგიონერებისთვის მილიონ-ევროიანი პრემიები უნდა მიგვეცა

საქართველოს ნაკრების ყოფილი გუნდი, ყაზანის „რუბინი“ მომავალი სეზონიდან რუსეთის პრემიერ ლიგაში აღარ ითამაშებს. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, „რუბინი“ თითქმის ყველა ლეგიონერმა დატოვა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამაც, რის გამოც კლუბი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და სეზონი გასავარდნ ზონაში დაასრულა.

სეზონის დასრულების შემდეგ, ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ადგილობრივ მედიასთან ლეგიონერების წასვლისგან გამოწვეულ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ FIFA-მ და UEFA-მ ამ გადაწყვეტილებით რუსული კლუბები გაძარცვა.

„როდესაც FIFA-მ ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, ყველა ფეხბურთელი შევკრიბე, მგომარეობა ავუხსენი და ვუთხარი, რომ დაფინანსების მხრივ პრობლემა არ შეიქმნებოდა, ქვეყანაში მშვიდი მდგომარეობა იყო და მათ კარიერას საფრთხე არ დაემუქრებოდა. რატომღაც, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა ფეხბურთელმა თქვა, რომ წასვლა არ სურდათ, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველამ ჩემოდანი ჩაალაგა და ქვეყანა დატოვა. ხელფასის გადახდის თვალსაზრისით ყველაფერი გარანტირებული იყო, ვგეგმავდით ბონუსებსაც, მაგრამ მათ ვიღაცეებმა დაურეკეს, რის შესახებ ისაუბრეს არ ვიცი, ამის შემდეგ უბრალოდ თქვეს, რომ მიდიოდნენ.

როდესაც ლეგიონერებმა დაგვტოვეს, ბუნებრივია ადგილობრივი მოთამაშეები მოვიყვანეთ, მცირე ხელფასით, თუმცა ყველაფერი უარესობისკენ წავიდა.

FIFA-მ და UEFA-მ ამ გადაწყვეტილებით უბრალოდ გაგვძარცვეს. გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა, მაგრამ მოთამაშეები არ არიან. დიახ, შეგვიძლია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსაც მივმართოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ვაღიარებ, ალბათ შეცდომები დავუშვი. შესაძლოა, ღირდა კიდეც, რომ მათთვის მილიონ-ევროიანი პრემიები მიგვეცა. ამასთან, ბოლო მატჩებისთვის შევიმუშავეთ ბონუსების სისტემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ბონუსები მათ დასარჩენად მოტივაციას არ მისცემდათ“, - ამბობს საიმანოვი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინი“ დატოვა და Crystalbet ეროვნული ლიგაში, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. ზაფხულის სატრანსფერო სეზონის გახსნის შემდეგ 21 წლის ფეხბურთელი იტალიურ „ნაპოლის“ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ყველა თვისება აქვს, რომ ნაპოლიში წარმატებას მიაღწიოს'' - სანიოლი ხვიჩაზე
''ყველა თვისება აქვს, რომ ნაპოლიში წარმატებას მიაღწიოს'' - სანიოლი ხვიჩაზე