"მათ შენი ოცნება გაანადგურეს" - პერესმა მბაპეს უპასუხა
ცნობილი გახდა კილიან მბაპესა და ფლორენტინო პერესის დიალოგის დეტალები.
El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტ ხოსეპ პედრეოლის თქმით, პსჟ-ს თავდამსხმელმა რეალის პრეზიდენტს შეტყობინება გაუგზავნა:
„ბატონო ფლორენტინო პერეს, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე პსჟ-ში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა, მეთამაშა მადრიდის რეალში, კლუბში, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. იმედია გესმით ჩემი გადაწყვეტილების. წარმატებებს გისურვებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში“.
როგორც ირკვევა, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა მბაპეს ასეთი პასუხი გასცა:
„ვწუხვარ, რომ ბოლო დღეებში ყველაფერი ასე განვითარდა. მათ გაანადგურეს ოცნება, რომელიც ბავშვობიდან გქონდა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ".
მბაპეს ტრანსფერი - როგორ დაიდგა დიდი აფერა?
ამ თემასთან დაკავშირებით, Get French Football News-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. რატომ ატყდა აჟიოტაჟი, რომ „რეალი“ მალე მბაპეს ტრანსფერს გამოაცხადებდა? წყარო წერს, რომ ფეხბურთელის გარემოცვამ ეს ყველაფერი პსჟ-გან მეტი ფინანსური სარგებლის მიღებისთვის გააკეთა.
გამოცემა წერს, რომ კილიანის ოჯახის ახლობლებმა შეგნებულად გააგზავნეს შეტყობინებები, რომ თითქოს მბაპე უკვე „რეალთან“ შეთანხმებული იყო და ყველაფერი დასრულდა.
Get French Football News-ი ამტკიცებს, რომ მბაპეს წრემ გამოიყენა ეს გარემოება პსჟ-სგან უფრო მაღალი შეთავაზების მისაღებად, შემდეგ კი პარიზელთა უკვე გაუმჯობესებული შეთავაზება გამოიყენა, როგორც ბერკეტი, რომ კიდევ უფრო მაღალი შემოთავაზება მიეღოთ „რეალისგან“ და ა.შ.