გამოძიება დაიწყება - ლა ლიგამ პსჟ-ს მბაპეს თაობაზე უჩივლა
ლა ლიგა განიხილავს პოტენციურ სამართალდარღვევას „პარი სენ ჟერმენის“ მხრიდან კილიან მბაპესთან დაკავშირებით. ლა ლიგის აზრით, ფრანგული კლუბი უეფა-ს ფინანსურ „ფეარ პლეის“ არღვევს.
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პარიზელები გააკრიტიკა და მათ საქციელს ფეხბურთის შეურაცხყოფა დაარქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენი“ თავის ვარსკვლავს კოლოსალურ ხელფასს და ბენეფიტებს ჰპირდება. სწორედ ეს გახდა ტებასის აღშფოთების მიზეზი.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
„კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენასთან დაკავშირებით, ლა ლიგას სურს განაცხადოს, რომ ასეთი ტიპის შეთანხმებები ევროპული ფეხბურთის ეკონომიკურ სტაბილურობას ურტყამს და საფრთხეს უქმნის ასიათასობით სამუშაო ადგილს და სპორტის მთლიანობას ევროპულ შეჯიბრებებში.
ეს ყველაფერი სკანდალურია. ისეთი კლუბი, როგორიც „პარი სენ ჟერმენია“ აცხადებს, რომ მათი ფინანსური ზარალი 220 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში ფრანგების დავალიანებამ 700 მილიონი შეადგინა. ასეთ პირობებში, როდესაც გუნდის მთლიანი ღირებულება 650 მილიონი ევროა, შეუძლებელია გააფორმო ისეთი კონტრაქტი, როგორიც კილიანს გაუფორმეს.
ლა ლიგა „პარი სენ ჟერმენს“ უეფა-ში უჩივლებს, რათა გაგრძელდეს ევროპული ფეხბურთის ეკონომიკური სისტემის დაცვა და მისი მდგრადობა.“
Official statement: La Liga announce they have now reported Paris Saint-Germain to UEFA because of Kylian Mbappé deal. ???? #Mbappé
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 21, 2022
“This is a scandal. We will now report PSG to Uefa, French autorities and EU authorities”. ⤵️???? pic.twitter.com/ZFFtZN4eTl
მბაპეს ბენეფიტები პსჟ-ში
გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მას კლუბის სპორტულ პროექტზე სრული კონტროლი შესთავაზა. კილიანს უფლება ექნება მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელები თანახმა არიან, მბაპეს ყოველთვიურად 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით მეტია. ამასთან, ფრანგი ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსსაც მიიღებს, რომელიც 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ფრანგი შემტევი მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა და რეალურად ასეც იყო, თუმცა პსჟ-ს შეთავაზებულმა ფინანსურმა სარგებელმა მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.