როგორ დაიდგა დიდი აფერა? მბაპეს გარემოცვამ პსჟ და რეალი იდეალურად გამოიყენა
21 მაისს, დილიდანვე ფრანგული, იტალიური და ესპანური პრესა ერთხმად წერდა, რომ კილიან მბაპეს საკითხი გადაწყვეტილია - ის კარიერას კვლავ პსჟ-ში გააგრძელებს, პარიზული კლუბი კი მას გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, Get French Football News-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. რატომ ატყდა აჟიოტაჟი, რომ „რეალი“ მალე მბაპეს ტრანსფერს გამოაცხადებდა? წყარო წერს, რომ ფეხბურთელის გარემოცვამ ეს ყველაფერი პსჟ-გან მეტი ფინანსური სარგებლის მიღებისთვის გააკეთა.
გამოცემა წერს, რომ კილიანის ოჯახის ახლობლებმა შეგნებულად გააგზავნეს შეტყობინებები, რომ თითქოს მბაპე უკვე „რეალთან“ შეთანხმებული იყო და ყველაფერი დასრულდა.
Get French Football News-ი ამტკიცებს, რომ მბაპეს წრემ გამოიყენა ეს გარემოება პსჟ-სგან უფრო მაღალი შეთავაზების მისაღებად, შემდეგ კი პარიზელთა უკვე გაუმჯობესებული შეთავაზება გამოიყენა, როგორც ბერკეტი, რომ კიდევ უფრო მაღალი შემოთავაზება მიეღოთ „რეალისგან“ და ა.შ.
საბოლოოდ, მათ საწადელს მიაღწიეს. ამ მომენტისთვის ასე მოჩანს.
„ახლა კი არის ორი კლუბი, მსოფლიოს ორი უძლიერესი კლუბი დაჩოქილია მას ევედრება. ეს ყველაფერი იყო კვამლის ფარდა მეტი გავლენისა და ფულის მოსაპოვებლად“, - ვკითხულობთ ფრანგულ ვებ გვერდზე.
Sky Italy-ს ცნობით, მბაპემ უკვე პსჟ-სთან შეთანხმებას მიაღწია და მალე ახალი კონტრაქტიც გაფორმდება.
რეალს სათადარიგო გეგმა არ აქვს
კილიან მბაპეს ტრანსფერი ჩავარდნის შემთხვევაში მადრიდის „რეალი“ სათადარიგო გეგმის გარეშე რჩება, წერს Get French Football News-ი.
წყაროს ცნობით, „რეალი“ ჰოლანდის მოლაპარაკებებიდან გამოვიდა, რომ მბაპე პრიორიტეტად ექცია და მისი ტრანსფერი გარანტირებულად გაეჩარხათ. საბოლოოდ კი ორივე მათგანის გარეშე დარჩნენ.
ახლა ჰალანდი „მანჩესტერ სიტიში“ მიდის და მბაპე ახლოს არის, რომ პარიზელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
„ჰოლანდი მადრიდელთათვის სათადარიგო გეგმა იყო. ამჟამად მათ სათადარიგო გეგმა აღარ აქვთ და რეალი პანიკაშია“. - წერს ფრანგული ვებ გვერდი.