რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ოპერაცია ლევანდოვსკი: როგორ აპირებს ბარსა პოლონელის გაფორმებას

„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის ფულს ეძებს.

33 წლის პოლონელი ზაფხულის ბაზარზე „ბარსას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და კლუბმა რამდენიმე კვირის წინ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რათა პოლონელის გასაფორმებლად ფინანსურად სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

პირველი ნაბიჯი არის რობერტის დარწმუნება, რომ არ გააგრძელოს კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“. ეს უკვე გაკეთდა - თავდამსხმელმა გუნდის შეცვლის სურვილის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის მეგობრობამ.

Marca-ს ცნობით, კატალონიელებმა დაფინანსების ძებნა დაიწყეს. ლაპორტა პასუხისმგებელია იმ შეთანხმებების მიღწევაზე, რომლებიც კლუბში ფინანსებს მიიზიდავენ. პრეზიდენტი ამჟამად მუშაობს ორი აქტივის 49%-ის გაყიდვაზე. ესენია - Barca Licensing Merchandising (BLM) და Barça Estudios.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია CVC ფონდთან სატელევიზიო უფლებების წილის გადაცემის ხელშეკრულება. ეს გარიგება საკვანძოა, რადგან თანხის ნაწილი, დაახლოებით 40 მილიონი, მხედველობაში მიიღება უშუალოდ ფინანსური ფეარ პლეის სახით (FFP), რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ტრანსფერებზე. თუმცა შესაძლოა, თუ პირველი ორი პუნქტი შესრულდა და ხელშეკრულებები დაიდო, CVC-სთან „ბლაუგრანამ“ კონტრაქტი აღარ გააფორმოს.

მესამე ნაბიჯი არის ხელფასი. „ბარსელონამ“ უნდა შეამციროს ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება, რომ მოერგოს FFP-ს. ამას აკეთებს კლუბის სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი. ახლა „ბლაუგრანაში“ ფინანსურად იმდენად ცუდი მდგომარეობაა, რომ მაგალითისთვის მოთამაშეების გაყიდვით მიღებული 3-4 ევროდან კატალონიელებს მხოლოდ 1-ის დახარჯვა შეუძლიათ.

ფილიპე კოუტინიოს „ასტონ ვილაში“ გაყიდვამ ბარსას 40 მილიონი ევრო გაუთავისუფლა, მაგრამ კლუბს შეუძლია მხოლოდ 13 მილიონი დახარჯოს სხვა ფეხბურთელის კონტრაქტზე. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ლევანდოვსკის წლიური ანაზღაურება მცირე ნამდვილად არ იქნება. ამისთვის კლუბი ჯერ მზად არ არის.

მეოთხე ნაბიჯი არის „ბაიერნთან“ კომუნიკაცია, თუ „ბარსა“ საჭირო თანხებს მოიპოვებს. მოლაპარაკება ადვილი არ იქნება. გერმანულმა კლუბმა შესაძლოა მეტი კომპენსაცია მოითხოვოს ან უბრალოდ უარი თქვას ფეხბურთელის გაყიდვაზე.

ბოლოს გეტყვით, რომ „ბაიერნის“ შემადგენლობაში აწ უკვე დასრულებულ სეზონში ლევანდოვსკიმ 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის ფეხბურთი ყველას თამაში
რატომ არის ფეხბურთი ყველას თამაში