ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები, დინამო არენა
Aa
Aa

რატომ არის ფეხბურთი ყველას თამაში

ქვეყანა, რომელზეც მოგიყვებით, ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს და წლების განმავლობაში ბრიტანელებისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო. დღესაც, აქ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბაზაა განლაგებული, თუმცა ამ ქვეყნისა და ბრიტანეთის ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდება ისევე, როგორც ეს საფეხბურთო კულტურის შემთხვევაშია. 

გიბრალტარში სულ 30 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის დროს მიდის.

 

ქვეყანას, სადაც სულ თბილა და თითქმის არასოდეს წვიმს, UEFA-ს ყველაზე პატარა ქვეყნის იმიჯი აქვს მორგებული და ამ სტატუსს მყარად 2013 წლის 24 მაისიდან ინარჩუნებს, როდესაც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 54-ე წევრად მიიღო.

ჩვენი გუნდი ერთა ლიგის C4 ჯგუფში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის ფორმაციის ეროვნული ნაკრები ახალ ციკლს სწორედ გიბრალტართან მატჩით, 2 ივნისს, გახსნის. არის  მოლოდინი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ, ოფიციალურ მატჩში გამარჯვების პირველ 3 ქულას მოიპოვებს, საბოლოო ჯამში კი, აღნიშნულ მეტოქესთან 6 ქულას დაგეგმავს.

რამდენიმე საინტერესო ამბავი

✅ გიბრალტარი, როგორც ქვეყანა და მომავალი მეტოქე ციფრებში მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის, თუმცა საინტერესოა:

მაგალითისთვის, ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად ვეტერანი, ლი კასიარო ითვლება, რომელის ანგარიშზეც 3 გოლია, თუმცა ბომბარდირობისთვის სრულიად საკმარისია. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ნაკრების კაპიტანს  3 გოლიდან 1  საქართველოს (1-შოტლანდიის, 1 გოლიც კი კვიპროსის) წინააღმდეგ აქვს გატანილი. კასიარომ ლორიას 2019 წელს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში, 66-ე წუთზე გაუტანა. საქართველოსა და გიბრალტარის ურთიერთშეხვედრებში ეს ერთადერთი მატჩია, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა კარი მშრალად ვერ შეინახა და  2 ბურთი გაუშვა. ვლადიმირ ვაისის ნაკრები შეხვედრას 84-ე წუთამდე  ვერ იგებდა, საბოლოოდ კი გამარჯვება გიორგი ქვილითაიას გოლით მაინც მოახერხა.

40 წლის ლი კასიარომ გიბრალტარის მაისური 2014 წლის 7 სექტემბერს მოირგო და ამ დროში 45 მატჩში თავი 3 გოლს მოუყარა.

საინტერესოა, რომ ფეხბურთელი პროფესიით პოლიციელია და სხვადასხვა დროს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ლის ძმებიც ფეხბურთელები არიან და ძმის მსგავსად, გიბრალტარის ნაკრებში ასპარეზობენ - კაილის 26 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული, ხოლო რაიანს 24 შეხვედრა;

✅ გიბრალტარის ნაკრების საყვარელი სისტემა 5-3-2-ია. გამონაკლისი იყო შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ, როდესაც გუნდმა 4-3-3 ტაქტიკით ითამაშა და ანგარიშით - 6-0 დამარცხდა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულიო რიბასია, რომელიც 65 წლის არის და გიბრალტარის ნაკრებში 2018 წლის 1 ივლისიდან მუშაობს. ამ დროში მისი ფორმაციის გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სტატისტიკა კი ასეთია: 4 გამარჯვება / 5 ფრე / 27 მარცხი;

✅ სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, გიბრალტარის შემადგენლობის ჯამური ღირებულება 1.90 მილიონი ევროა, რაც საქართველოს ნაკრების ღირებულებაზე თითქმის 27-ჯერ ნაკლებია;

ურთიერთშეხვედრები

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, ეს 2014, 2015 და 2019 წლებში მოხდა. ჩვენმა გუნდმა ოთხივე შემთხვევაში გაიმარჯვა, 4 მატჩში მეტოქეს 13 გოლი გაუტანა, საპასუხოდ კი 2 გოლი მიიღო. ოთხივე მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა.

საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრებიდან, ყველაზე დიდი ანგარიში 2015 წლის 8 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც დუბლი მათე ვაწაძემ გაიფორმა, თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო შეხვედრის ბოლოს საბოლოო ანგარიშს წერტილი ვაკო ყაზაიშვილმა დაუსვა- 4-0. 


თუმცა იქამდე, იყო მატჩი, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. მოლოდინი არსებობდა, მაგრამ მაშინ რთულად დასაჯერებელი იყო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრების ლიდერად ასე სწრაფად იქცეოდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩამ მოედანი 47-ე წუთზე დატოვა, როდესაც გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. შემოსვლიდან დაახლოებით 10 წუთში პაპუნაშვილმა მეტოქეს გაუტანა და საბოლოოდ, დაპირისპირება ანგარიშით - 3-0 დასრულდა.

გიბრალტარის საშინაო არენა

საქართველოს ნაკრების მეტოქის საშინაო არენა 1926 წელს, ქვეყნის აეროპორტისა და უზამარმაზარი კლდის მიმდებარედ გაიხსნა,  სულ 5 000 გულშემატკივარს იტევს და დაახლოებით 10-ჯერ უფრო პატარაა, ვიდრე დინამო არენა ან 4-ჯერ უფრო მცირე ტევადობის, ვიდრე ბათუმის სტადიონი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გასულ წელს თამაშობდა.

Victoria Stadium - ი არა გამორჩეული ფეხბურთელის, არამედ ადგილობრივი ფილანთროპის (ქველმოქმედის) სახელს ატარებს და მთავარი საფეხბურთო მატჩების გარდა მუსიკალურ ფესტივალებს აქტიურად მასპინძლობს. 2017 წელს, გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი ქვეყნის მთავრობისგან, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პირობით შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ იყო პერიოდი, როდესაც გიბრალტარი და ესპანეთი სტადიონს ვერ იყოფდნენ, რადგან კონკრეტული ლოკაცია სადავო იყო, რის შემდეგაც FIFA-ს წარმომადგენლებს ამ საკითხის შესწავლა მოუხდათ.

გიბრალტარი საქართველოს წინააღმდეგ მატჩს 2 ივნისს, დინამო არენაზე ჩაატარებს, ხოლო საკუთარ კედლებში 26 სექტემბერს უმასპინძლებს. მეტოქის რიგებში შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს - 12 წლამდე ბავშვებისთვის მატჩზე დასწრება უფასოა, 13-19 წლის მსურველები მატჩს 10 ევროდ დაესწრებიან, 20-დან - 65 წლამდე გულშემატკივრისთვის ბილეთის ღირებულება 15 ევრო, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანისთვის - 10 ევროა. 

საქართველოში კი 2 ივნისს გასამართი მატჩის ბილეთების რეალიზაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილაზე, გულშემატკივარზე, საყვარელ ფეხბურთელსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე - ინტერვიუ ნიკა გაგნიძესთან
დილაზე, გულშემატკივარზე, საყვარელ ფეხბურთელსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე - ინტერვიუ ნიკა გაგნიძესთან