5 მებრძოლი, რომლებსაც წლეულს თვალი უნდა ვადევნოთ - ილია ისევ გამოარჩიეს
სპორტულმა ვებგვერდმა, Fightful.com-მა 5 პერსპექტიული მებრძოლი დაასახელა, რომლებსაც წლეულს თვალი უნდა ვადევნოთ. ჩვენთვის საყურადღებო ისაა, რომ რჩეულთა შორის ილია თოფურიაც მოხვდა და გამოცემამ მას 2022 წელს, სატიტულო ბრძოლა უწინასწარმეტყველა.
„კიდევ ერთი მებრძოლი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ, ილია თოფურია გახლავთ. იგი თავდაუზოგავად მუშაობს, რათა მისი სახელი UFC-ში ცნობილი გახდეს. მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და რაინ ჰოლთან გამართულმა ჩხუბმა წარმატების მიღწევის წყურვილი, რომელიც მას აქვს, კარგად დაგვანახა. მან მეტოქე პირველივე რაუნდში გაფორმებული შესანიშნავი ნოკაუტით დაამარცხა.
ილიამ ბოლო ბრძოლა ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ გამართა და თავისი დარტყმით მეტოქეს იგივე ზიანი მიაყენა და შედეგიც იგივე იყო, თუმცა ამჯერად ნოკაუტი მეორე რაუნდში მიითვალა. თოფურიას კარგი სერია აქვს და ამ წუთისთვის, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-15 გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ის UFC-ში დიდი ხანია არ იმყოფება, წლის ბოლოს სატიტულო ბრძოლის მიღების შანსი აქვს და გამომდინარე აქედან, იგი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში თავისი ბოლო ბრძოლა 19 მარტს გამართა და ჯაი ჰერბერტი ნოკაუტით დაამარცხა. ბრიტანელთან გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორმა“ პედი პიმბლეტი გამოიწვია, რომელთანაც მანამდე ცნობილი ინციდენტი მოუვიდა. თავდაპირველად, ლივერპულელმა ილია უარით გაისტუმრა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ თუ UFC კონტრაქტს გამოუგზავნის, რომელშიც მის მომდევნო მეტოქედ თოფურია იქნება დასახალებული, ოქტაგონზე გასვლისა და „ელ მატადორის“ წინააღმდეგ ჩხუბის პრობლემა არ ექნება.