''გუნდში ბალანსია საჭირო'' - სანიოლი ჩაკვეზე, კვარაზე, მამარდასა და სხვა თემებზე
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ''შერატონში'' პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი მამარდაშვილის, გიორგი ლორიას, გიორგი ქვილითაიას, ოთარ კაკაბაძის, ოთარ კიტეიშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, დავით ვოლკოვის, სანდრო ალთუნაშვილის შესახებ ისაუბრა. სანიოლის პრესკონფერენცია საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა, ბევრ თემას შეეხო.
''გიორგი ქვილითაიას კუნთის ტრავმა აწუხებს, უახლოეს მატჩებში ვერ დაგვეხმარება. მას ეროვნულ ნაკრებში ბექა მიქელთაძე შეცვლის. ქვილითაიამ რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მიიღო, მისი გამოძახება დიდი რისკი იყო. მიუხედავად ამისა, რისკავდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან უყვარს. მინდა, მას თავგანწირვისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ბოლო მომენტში ტრავმა გაუმიზეზდა. ამიტომ, ეროვნული ნაკრების შეკრებას გამოტოვებს.
ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძალიან გამიხარდება, თუ ოთარ კაკაბაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს, რადგან ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები ასეთი დონის ჩემპიონატებში. ხვიჩა ''ნაპოლიში'', მამარდაშვილი ''ვალენსიაში''... ბუნდესლიგა უძლიერესი ჩემპიონატია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის ჩემპიონატებში ითამაშონ, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მათ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ.
ბელგიაში გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმების გამო რთული პერიოდი ჰქონდა, შემდეგ კარიერა ''ჰამბურგში'' გააგრძელა. მას რამდენიმე კვირა არ უთამაშია. ეს ის მომენტია, როცა გიორგი ჩაკვეტაძეს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. ყველას გახსოვთ, წლების წინ როგორ ეხმარებოდა ეროვნულ ნაკრებს. მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ შესაძლოა სასტარტოში ვერ ვათამაშო. ეს მან იცის. მისგან ველოდები, რომ შრომას გააგრძელებს და მატჩებს 100-პროცენტიანი კონცენტრაციით შეხვდება. გარდა ამისა, წინ 4 მატჩია და გრძელი სათადარიგოთა სკამი მნიშვნელოვანია.
დავით ვოლკოვმა შვედეთთან და უზბეკეთთან კარგად ითამაშა, შემდეგ ალბანეთთან იასპარეზა. მას როცა თავდაჯერება დაუბრუნდება, საუკეთესო თვისებებს გამოავლენს და ნაკრებში იასპარეზებს. ვფიქრობ, მას თავდაჯერებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.
მესმის, რომ გულშემატკივრებს წარმატების მოლოდინი აქვთ. ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერ გუნდად ჩრდილოეთ მაკედონია ითვლება, რომელმაც იტალია დაამარცხა, თუმცა ჩვენ სტაბილურად ვთამაშობთ. ვნახოთ, ფეხბურთელები როგორ ფორმაში შეხვდებიან უახლოეს სანაკრებო შეხვედრებს, ეს შეკრებაზე გამოჩნდება.
ოთარ კიტეიშვილი მაღალი დონის ფეხბურთელია. ის გამოცდილი მოთამაშეა, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა ტრავმების გამო ფორმაში შესვლისთვის დრო დასჭირდება. მოგვიანებით გადავწყვეთ, რომელ პოზიციაზე გავამწესო.
ცოტა ხნის წინ, მიკელ არტეტას ინტერვიუ წავიკითხე, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთელმა ბევრი უნდა იშრომოს და შემდეგ არის ნიჭი მნიშვნელოვანი. მეც ანალოგიური მიდგომა მაქვს. არტეტას ვეთანხმები.
ერთი პოზიციის რამდენიმე ფეხბურთელს ვერ გამოვიძახებ, ბალანსია საჭირო. მაგალითად, სიაში სანდრო ალთუნაშვილი ვერ მოხვდა, თუმცა ჩვენ ყველას ვაკვირდებით.
ჯაბა კანკავას გუნდიდან წასვლის შემდეგ მის პოზიციაზე სიცარიელე შეიქმნა. ამიტომ, მარტის შეკრებაზე მექვაბიშვილი გამოვიძახეთ. ცენტრალურ ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა. აქედან გამომდინარე, ყველას გამოძახება ვერ ხერხდება. სანდრო ალთუნაშვილი ნაკრებში გამოძახების კანდიდატია, მას ვაკვირდებით, ბათუმის ''დინამოში'' კარგად თამაშობს, გასულ წელს ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა ვიმეორებ, რომ ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რაც ძალიან კარგია.
მამარდაშვილის პროგრესს გამოვყოფ, ლორია კი ძალიან გამოცდილია. გიორგი მამარდაშვილმა ალბანეთთან კარგად ითამაშა, თუმცა რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, ფაქტობრივად გიორგი ლორიას შეცდომა არ დაუშვია. ჩვენ სამი ძალიან კარგი მეკარე გვყავს.
ბოსნიაში ყოფნისას ხვიჩა კვარაცხელიას ვესაუბრე. ''ნაპოლიში'' გადასვლა შესანიშნავი ნაბიჯია. მჯერა, რომ იტალიურ კლუბში დამკვიდრებას შეძლებს, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. მას''ნაპოლიში'' დამკვიდრებისთვის დიდი შრომა დასჭირდება, მე მისი წარმატების მჯერა.
ხვიჩა კვარაცხელიას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრი საუბარი იყო, მაგრამ სამუშაო პროცესში მე პრობლემა არ შემიმჩნევია. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ხვიჩა და ნაკრების ყველა სხვა მოთამაშე მაღალ დონეზე ითამაშებს.
მიქაუტაძემ მარტის შეკრება გამოტოვა. მისი მიდგომით კმაყოფილი არ ვიყავი, მას ვესაუბრე და ვუთხარი ყველა ის ასპექტი, რის გამოც უკმაყოფილო ვიყავი. ჩაკვეტაძეც ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვეხმარება, თუ ჩემს მითითებებს გაითვალისწინებს და შეასრულებს''.
საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე
2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00
5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45
9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45
12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00
23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00
26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45
ფოტო: gff.ge