ვალენსიას სტრატეგია მამარდაშვილის დაცვაა - El Desmarque ქართველ მეკარეზე წერს
ესპანური გამოცემა, El Desmarque-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ „ვალენსია“ ქართველი მეკარის დაცვას აპირებს, რომელიც ერთა ლიგის თამაშებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
„გიორგი მამარდაშვილი ეროვნულ ნაკრებში მიემგზავრება, რაც მისი კარგი სათამაშო ფორმის კიდევ ერთი დადასტურებაა, ვალენსიაში კი უკვე მუშაობენ გეგმაზე, რომლითაც მის დაცვას შეძლებენ. ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ღამურებისთვის ერთ-ერთი შესანიშნავი სიახლე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს რთული წელი ჰქონდა, მამარდაშვილი დაბრკოლებებს გაუმკლავდა და წარმატებით იასპარეზა. მან თავისი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენა და დაამტკიცა, რომ გუნდში ადგილს ნამდვილად იმსახურებს, ნაკრებში გამოძახება კი მორიგი დადასტურებაა, რომ ბრწყინვალედ ასპარეზობს.
ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგისთვის ემზადება და ივნისში 4 მატჩს გამართავს. ფეხბურთელები 24 მაისს, თბილისში შეიკრიბებიან და ვალენსიას მეკარე მათ შორისაა. საქართველოს ნაკრები გიბრალტარის, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.
სტრატეგია მის დასაცავად
„ვალენსიაში მამარდაშვილის პოტენციალის ბოლომდე სჯერათ და ამის დადასტურება იყო, 2021 წლის ბოლოს მისი კონტრაქტი რომ გამოისყიდეს. ქართველმა ფეხბურთელმა 3 სეზონზე გათვლილი ხელშეკრულება დადო, რომლის 1 სეზონით გაგრძელებაა შესაძლებელი, ახლა კი გუნდმა გადაწყვიტა, რომ მასთან უკეთესი კონტრაქტის შეთანხმება ზაფხულისთვის სტრატეგიული ოპერაცია იყოს. როგორც AS-ი იუწყება, მხარეებმა ამ თემაზე საუბარი უკვე დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი მოხდება, რადგან ვალენსია გედეშის, სოლერისა და გაიას საკითხზეა ორიენტირებული. გიორგის დარჩენა უნდა და ორივე მხარეს ერთი და იგივე მიზნები აქვს“, - წერს ესპანური გამოცემა.
ცნობისთვის, ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.