ლევანდოვსკი ჩავის უკვე ორჯერ ესაუბრა - კულიბალი ბარსასგან ზარს ელოდება
„ბარსელონა“ „ნაპოლის“ ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენას აპირებს.
Diario Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე, რომელსაც ძალიან სურს „ბარსაში“ კარიერის გაგრძელება და ელოდება, რომ კლუბები მალე მოილაპარაკებენ.
„ბარსა“ ამჟამად ცდილობს გააძლიეროს თავდასხმა, ნახევარდაცვა და ფლანგები, მაგრამ ჩავიმ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდს სჭირდება ცაცია ცენტრალური მცველი დიდი გამოცდილებით.
„ბლაუგრანამ“ იცის, რომ გარიგება ადვილი არ იქნება, რადგან „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები ძალიან რთულია, მაგრამ კულიბალის კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, რაც იტალიურ კლუბს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. სენეგალელი ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს.
თუ ადრე იტალიური კლუბი კალიდუსთვის 65 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა და „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს უარს ეუბნებოდა, ახლა ალბათ ფეხბურთელის სანაცვლოდ გაცილებით ნაკლებსაც დათანხმდება, რომ შემდეგ წელს საერთოდ უფასოდ არ დაკარგოს.
„ბარსელონა" მზად არის, რომ გარიგებაში ჩართოს რამდენიმე ფეხბურთელი, რათა ფასი შემცირდეს. კერძოდ, „ნაპოლიში“ მირალემ პიანიჩის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ.
კულიბალის გასაფორმებლად „ბარსას“ ჯერ ოსკარ მინგესასთან, კლემენ ლენგლესთან და სამუელ უმტიტისთან განშორება მოუწევს. და თუ მინგესასთვის კლუბის პოვნა არც ისე რთული იქნება, მაშინ ლენგლესთან და უმტიტისთან სიტუაციები საკმაოდ რთულად გამოიყურება.
როდესაც ეს ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ, „ბარსა“ კულიბალის შეთავაზებას გაუკეთებს.
მიმდინარე სეზონში კულიბალიმ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
რა ხდება ლევანდოვსკის ტრანსფერზე
რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში" გადასვლა სურს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლონელი ორჯერ დაუკავშირდა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ჩავის. მხარეებმა 2025 წლამდე გათვლილი კონტრაქტი განიხილეს.
პოლონელი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს არცერთ სხვა კლუბებთან, რადგან მისთვის პრიორიტეტს „ბარსელონური“ ვარიანტი წარმოადგენს.
როგორც უკვე ცნობილია, ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი რამდენიმე დღეა ბარსელონაში იმყოფება. უახლოეს დღეებში ტრანსფერის თაობაზე ახალი ცნობები გავრცელდება.