ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში - ოთარ კაკაბაძით გერმანული კლუბი ინტერესდება
პოლონურ პრესაში „კრაკოვიას“ ქართველი ფეხბურთელის, ოთარ კაკაბაძის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. პოლონელმა ჟურნალისტმა, ტომაშ ვლოდარჩიკმა სპორტული ვებგვერდის, meczyki.pl-ის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ კაკაბაძით ბუნდესლიგის კლუბი ინტერესდება.
„ეს შოკისმომგვრელი ამბავია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ შტუტგარტმა ოთარ კაკაბაძის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მანამდე კონტაქტი დალასთან იყო და შესაძლოა, მალე დიდ კლუბში ვიხილოთ“.
შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე „კრაკოვიას“ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა უკანახაზელმა „კრაკოვიას“ მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
გეტყვით იმასაც, რომ „შტუტგარტმა“ სეზონი მე-15 პოზიციაზე დაასრულა და 33 ქულა დააგროვა. „წითლებმა“ „ჰერტას“ მსგავსად 33 ქულა დააგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის წყალობით, უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას გადაურჩა.