ინტერი, ადრიანო
Aa Aa

“ბიჭი ფაველადან, რომელიც იტალიაში იმპერატორი გახდა“ - მე ადრიანო ვარ

„იუთუბზე“ არსებობს საკმაოდ პოპულარული გადაცემა The Players' Tribune, რომელიც ლეგენდარულ ყოფილ სპორტსმენებზე საინტერესო გადაცემებს აკეთებს. ერთ-ერთი ასეთი ადრიანოზე გაკეთდა. CrystalSport აღნიშნული გადაცემიდან ყველა საინტერესო ისტორიას გთავაზობთ.

ადრიანო:

„თქვეს, რომ მე გავუჩინარდი.. ადრიანო მილიონებს ჩამოშორდა.. ადრიანო ნარკოტიკებზეა დამოკიდებული.. ადრიანო ფაველებში გაუჩინარდა..

იცით რამდენჯერ მაქვს ნანახი ასეთი სათაურებით დაწერილი სტატიები? ახლა კი აქ ვარ თქვენს წინაშე და ვიღიმი. გინდათ სიმართლის მოსმენა ჩემგან? განა ეს სისულელე არ იქნება? კარგი, დაჯექი სკამზე ძმაო და მომისმინე.. ადრიანოს თქვენთვის ისტორია აქვს..

„ფაველები“

ამ სიტყვის გაგონებაზეც კი ხალხს არასწორი შეხედულება უჩნდება. ისინი ვერ იაზრებენ, როდესაც ბრაზილიაზე საუბრობენ.. იცით რამდენი გაჭირვებული ბავშვია აქ? ხალხი ყოველთვის ბნელ სურათს ხატავს.

ფაველაში გავიზარდე და ჩემი ბავშვობა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, იყო ბევრი კარგი მომენტიც და ეს ძირითადად ფეხბურთის თამაშს უკავშირდება. ახლანდელი ბავშვები კი გამუდმებით ტელეფონში იყურებიან და თითებს აჭერენ.

საბედნიეროდ მე გამუდმებით ჩემი ოჯახის წევრების გარემოცვაში ვიყავი და მათთან ერთად ვიზრდებოდი. სწორედ ასეთ საზოგადოებაში გავიზარდე. რეალურად არ ვიტანჯებოდი, უბრალოდ ვიზრდებოდი და ვარსებობდი.

კარიერაში ძალიან ბევრი ფული გამოვიმუშავე, მაგრამ რამდენს გადაიხდით, რომ ისევ იმ დონეზე გეთამაშათ ფეხბურთი? ხვდებით რას ვგულისხმობ? ბურთი ყოველთვის ჩემს ფეხებთან იყო. ეს ღმერთის ნება იყო.. 7 წლის ასაკში ჩემმა ოჯახმა ფული შეაგროვა, რომ „ფლამენგოს“ აკადემიაში მევარჯიშა. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო!

ჩქარა ჩავიცვი ფეხსაცმელი, გამიშვით, სად არის ავტობუსის გაჩერება? ფაველადან „ფლამენგოში“ - ეს წარმოუდგენელი იყო!

ეს ყველაფერი მაინც სიგიჟეს ჰგავდა, რადგან ვინც ბრაზილია კარგად იცის ეცოდინება, თუ რამხელა გზაა გასავლელი პენიადან „ფლამენგოს“ აკადემიამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, ავტობუსით უნდა მემგზავრა. 90-იანი წლები იყო და კრიმინალი მეფობდა. მარტო ვერ გამიშვებდნენ, ვინმე უნდა გამომყოლოდა..

ეს ის დროა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ბებიამ ბევრი რამ თავის თავზე აიღო. როდესაც მის სახელს ახსენებთ, ჯობს დალოცოთ. მის გარეშე არავის ეცოდინებოდა ვინ არის ადრიანო. „ინტერში“ თამაშის ერთ-ერთ პერიოდში ჟურნალისტები ჩემზე რაღაც არარეალურს იკვლევდნენ და გამუდმებით მაკრიტიკებდნენ. ძალიან ვბრაზდებოდი და ბებიაჩემმა ისე გააკეთა, რომ მაქსიმალურად მშვიდად ვიგრძენი თავი.

ერთ დღეს სამზარეულოდან ხმები შემომესმა. ბებიამ საოცარი რამ გადაწყვიტა.

ვკითხე - რას აკეთებ ბებია? რამე საჭმელს ამზადებ?

მან მიპასუხა - არა ჩემო საყვარელო არაფერს არ ვამზადებ.

მაგრამ მას ხელში დიდი ჯამი ეჭირა, თითქოს მაკარონს ამზადებდა. მან მითხრა, რომ ის ჩვენი მეგობრებისთვის საჩუქარს აკეთებდა.

თავიდან ეს იდეა არ მომეწონა და ვუსაყვედურე. მას ამის გაკეთება არ შეეძლო. როგორც აღმოჩნდა ბებიამ ნამცხვარი გამოაცხო, რომელიც საკმაოდ გემრიელი და რბილი იყო. ამის შემდეგ მე გაცილებით მშვიდი გავხდი.

ბებია ყოველდღე „ფლამენგოს“ აკადემიაში დამყვებოდა. ბევრი ფული არ გვქონდა და ის სახლში პოპკორნს ამზადებდა, რომ ვარჯიშის შემდეგ რაიმე მეჭამა. როდესაც ძალიან მშიერი ხარ პოპკორნს სამოთხის გემო აქვს.

რას აკეთებენ მშობლები, როდესაც თავიანთი შვილი ვარჯიშობს? სხდებიან ბარში და ჭიქა ყავას სვამენ. ბებია კი ასე არასდროს მოქცეულა. გამუდმებით მე მაკვირდებოდა და შემდეგ რჩევებს მაძლევდა.

ყველაზე სასაცილო იცით რა იყო? ბებია ვერასდროს წარმოთქვამდა ჩემს სახელს სწორად. ბავშვობაში ის ადი-რანოს მეძახდა. ვარჯიშის დროს ხშირად მიმართავდა სხვა ბავშვებს : „მიეცით ადირანოს ბურთი“ - ეს ძალიან სასაცილო იყო.

სახლში დაბრუნებისას გამუდმებით მეუბნებოდა : „ადირანო რატომ დარბიხარ სულ ერთ ფლანგზე? სხვაგან რატომ არ მოძრაობ? კარში რატომ არ დაარტყი?“

ის რაღაცით მოურინიოს ჰგავდა. არასდროს მაძლევდა მოდუნების საშუალებას და თუ რამეს სწორად ვერ გავაკეთებდი მსჯიდა. ასეთი რუტინა 8 წლის განმავლობაში გვქონდა. ვინ იცის რამდენი საათი გავატარეთ ერთად ავტობუსში და რამდენ რამეზე ვისაუბრეთ. ეს არასდროს დამავიწყდება! ფეხბურთის გამო სწავლისთვის დრო არ მრჩებოდა. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ მეხუთე კლასში სამჯერ ჩავრჩი.

ბებიამ სიცოცხლე გაწირა, რომ მე დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.. ერთ დღეს ეს ოცნება მოულოდნელად თითქმის დასრულდა.. 15 წლის ასაკში „ფლამენგო“ ჩემს გათავისუფლებას აპირებდა. პრობლემა ის იყო, რომ მე მარცხენა მცველი ვიყავი და ძალიან სწრაფად ვიზრდებოდი. წარმოგიდგენიათ მე მარცხენა მცველი? წლის ბოლოს, მწვრთნელმა ფეხბურთელები ორ რიგში ჩაგვაყენეს.

მარცხენა რიგში მდგომებს ათავისუფლებდნენ, ხოლო მარჯვენა რიგში ვინც იდგა იმას ტოვებდნენ. ღმერთის წყალობით ერთ-ერთმა მწვრთნელმა დაიყვირა, რომ ჩემი გაშვება არ შეიძლებოდა. დაუჯერებელია არა? მე მარცხენა რიგში ვიდექი და საოცრად გამიმართლა. ნათლად ვიგრძენი, რომ საქმეში ღმერთი ჩაერია.

თავდამსხმელებს არ ესმით, რომ, როდესაც ბურთი შენს ფეხებთან მოდის და წინ ორი დიდი მცველი გიდგას, ეს რბოლა არ არის. ეს არის ჩხუბი, ქუჩური ჩხუბი.. რიგში ჩემს წინ მდგომ ყველა ფეხბურთელს დავარტყი!

როგორც იქნა, „ფლამენგომ“ თავდამსხმელის პოზიციაზე გადამიყვანა. როდესაც 17 წლის ვიყავი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მომეცა. მე ზრდასრულ მამაკაცებთან ერთად ვთამაშობდი, რომლებიც თავისი ოჯახის გამოკვებაზე ზრუნავდნენ. ეს სულ სხვა დონე იყო. ყველასთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ ჩემთან უსიამოვნება კარგი არ იქნებოდა.

არასდროს დამავიწყდება ერთი მომენტი. ვარჯიშზე 11-11-ზე ვთამაშობდით. საჯარიმოსკენ ბურთი მაღალი მიმართულებით წამოვიდა, მცველები გამოიქცნენ და უცებ მე მათ ყველას დავასწარი. ულამაზესი გოლი გავიტანე და ყველა გაოცდა. თითქოს ღმერთმა ბურთი პირდაპირ მარცხენა ფეხზე დამიდო და დასარტყმელად მოვემზადე. თვალები დავხუჭე და შევასრულე. ამას სხვანაირად ვერ ავხსნი.

რამდენიმე თვის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. როდესაც მწვრთნელმა შემადგენლობა ტელევიზიით გამოაცხადა იმ დროს მეძინა. დედაჩემი ოთახში შემოვარდა და ყვიროდა: „ადრიანო ადრიანო მადლობა ღმერთს შენ ნაკრებში გამოგიძახეს!“

იმ მომენტში ვხვრინავდი და კარგად ვერ გავიგე. დედაჩემმა იგივე გაიმეორა და უცებ წამოვხტი. ეს დაუჯერებელი იყო. 18 წლის ვიყავი და ფაველაში ვცხოვრობდი. ჩემს წარმატებაში არანაირი ლოგიკა არ არსებობდა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ღმერთი პირადად არ ჩაერია. სულ რაღაც 1 წლის შემდეგ, „ინტერში“ გადავედი და ხალხი „იმპერატორს“ მეძახდა. როგორ შეიძლება ეს აიხსნას? გეუბნებით ყველაფერში ღმერთის ხელი ერია!

კარგად მახსოვს იტალიაში ჩემი პირველი დღეები. გასახდელში ტოლდოს, ზეედორფს, ძანეტის და რონალდოს ვხედავდი. გაოგნებული ვიყავი. კლარენსს სხეულზე ცხიმის 7% ჰქონდა. გასაოცარი იყო. მას დიდ პატივს ვცემდი.

არასდროს დამავიწყდება მადრიდის „რეალთან“ გამართული ამხანაგური მატჩი ბერნაბეუზე. ცვლილებაზე გამოვედი. საჯარიმოს გარეთ ჯარიმა დაინიშნა. ბურთისკენ წავედი, მაგრამ უკნიდან ყვირილი გავიგონე: „არა არა გაიწიე ბურთს მე დავარტყამ“ ! გამოიცანით ვინ იყო ის? ნაბიჭ***არი და შეუდარებელი მარკო მატერაცი.

კარგად ვერ მივხვდი რას ლაპარაკობდა, რადგან იტალიური ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ აშკარად გაბრაზებული იყო. სიტუაცია ზეედორფმა განმუხტა, რომელმაც ჯარიმის შესრულების უფლება მე მომცა. კლარენსს არავინ ეკამათებოდა. ასე რომ, მატერაცის განზე გადგომა მოუწია. გავიტანე და ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

ხალხი დღემდე მეკითხება, თუ როგორ დავარტყი ასე ძლიერად და ზუსტად. ახსნა არ მაქვს. მე უბრალოდ ბურთთან მივედი, დავარტყი და დანარჩენი ღმერთმა გააკეთა. ეს იყო „ინტერთან“ სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისი. ყველა გუნდი მიყვარს სადაც მითამაშია, მაგრამ „ნერაძური“ რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეულია.

იტალიური პრესა? ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ როგორც კლუბი „ინტერი“ საუკეთესოა. დღემდე ყურში ჩამესმის გულშემატკივრების სიმღერა, რომელსაც „სან სიროზე“ ასრულებდნენ. ბიჭი ფაველადან, რომელიც იტალიაში იმპერატორი გახდა. ბევრი არაფერი მქონდა გაკეთებული და ყველა მეფესავით მექცეოდა.

ერთხელ მოულოდნელად მილანში ჩემი ოჯახი ჩამოვიდა. ჯანდაბა, ოჯახში მე მხოლოდ მშობლებს და ბებიას არ ვგულისხმობ. რიოდან ერთბაშად 44 ადამიანი ჩამოვიდა. ბიძაშვილები, დეიდები, ბიძიები და ა.შ.

ეს ამბავი პრეზიდენტ მორატიმდეც მივიდა. ის ნამდვილი ლეგენდაა. როდესაც ჩემი სტუმრიანობის შესახებ გაიგო ავტობუსი დაიქირავა და 44 ბრაზილიელს მთელი მილანი დაათვალიერებინა. ეს დიდი პატივი იყო. ამისთვის დღემდე მადლიერი ვარ. ის ჩემზე, როგორც ადამიანზე გამუდმებით ზრუნავდა და მასზე ცუდს ვერასდროს ვიტყვი. კლუბები ასე უნდა იმართებოდეს...

ახლა კარგად ვიცი რასაც ფიქრობთ. თქვენს გონებაში გამუდმებით ისმის კითხვა: „ რატომ დაანებე ფეხბურთს თავი? რატომ მოიქეცი ასე? შენ ხომ გაცილებით მეტი შეგეძლო.“

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, სულ ამას მეკითხებიან. იცით, ხანდახან ვფიქრობ, რომ პლანეტის ყველაზე გაუგებარი ფეხბურთელი ვარ. ხალხს არ ესმის რა დამემართა. მათ არასწორი აზრი აქვთ შექმნილი. ესპანეთში გატარებული ყველაზე ბედნიერი დღიდან ყველაზე უარესში აღმოვჩნდი. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა.

2004 წლის 25 ივლისი

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინას ვხვდებოდით. ეს მატჩი ყველა ბრაზილიელს ემახსოვრება. ბოლო წუთამდე ამ ნაბიჭ***ებთან ვმარცხდებოდით. ლუიშ ფაბიანოს ყველას ცემა უნდოდა. ერთ მომენტში თამაშის დავიწყება და ჩხუბი ყველას მოგვინდა. რაც შემდეგ მოხდა ნამდვილი ფილმია. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ეს რეალური იყო.

ბურთი საჯარიმოსკენ გამოფრინდა. არეულობა იყო. ვერ გავიგე საით უნდა წავსულიყავი. უცებ ბურთი ჩემს ფეხებთან გაჩნდა და დაუფიქრებლად დავარტყი. გავიტანე - ეს ზეციდან მიღებული საჩუქარი იყო. ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ყველამ ვიცოდით შემდეგ, რაც მოხდებოდა. ჩვენ ისინი გავტეხეთ და გამარჯვება გარდაუვალი იყო. საბოლოოდ ასეც მოხდა..

არგენტინის ასეთ სტილში დამარცხება ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდებული იყო. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე სწორედ ეს გახლავთ.

ცხოვრებაში მთავარ გაკვეთილს ყველა იღებს. შეიძლება იყოთ მსოფლიოს მწვერვალზე, იყოთ იმპერატორი, მაგრამ თქვენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს ისე, როგორც.. ამის გახსენება ძალიან მიჭირს..

2004 წლის 4 აგვისტო

9 დღის შემდეგ იტალიაში დავბრუნდები და „ინტერს“ შევუერთდი. ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. სახლიდან რეკავდნენ.. მითხრეს, რომ მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ საკითხზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ თამამად გეტყვით იმას, რომ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ფეხბურთი ისე აღარასდროს მიყვარდა, როგორც ადრე..

იტალიაში ოკეანის გადაღმა, ოჯახისგან მოშორებით ვიყავი და მე უბრალოდ ეს ვერ დავძლიე, ვერ გადავლახე.. ვარჯიში აღარ მინდოდა და სმა დავიწყე. ამას „ინტერთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მე უბრალოდ სახლში წასვლა მინდოდა..

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის შემდეგ სერია ა-ში მაინც ბევრი გოლი გავიტანე, ჩემი სიხარული გამქრალი იყო. ყველაფერი მამაჩემმა წაიღო.. არ შემეძლო ჩემი თავის მოთოკვა და ბედნიერების გამოხატვა. ყველა დაზიანება ფიზიკური ვერ იქნება, სწორად გამიგეთ..

ტრავმა

2011 წელს აქილევსის ტრავმის შემდეგ ჩემი ბალანსი, ფეთქებადობა და ეფექტურობა გაქრა. ისეთი ძლიერი აღარასდროს ვყოფილვარ. იცით, რომ დღემდე კოჭლობით დავდივარ? კოჭზე ჯერ კიდევ მაქვს ნახვრეტი.. ეს მამაჩემის გარდაცვალებას ჰგავდა, უბრალოდ შრამი მაშინ შიგნიდან მქონდა, ხოლო ახლა გარედან..

დღემდე ისმის კითხვა რა დაემართა ადრიანოს? მარტივია, მე ორი ნახვრეტი მაქვს. ერთი სულში, მეორე კოჭზე. ჟურნალისტებს ხანდახან არ ესმით, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. „იმპერატორად“ ყოფნა დიდი ზეწოლა იყო. არაფრისგან ვარსკვლავი გავხდი. მე ვიყავი ბიჭი, რომელსაც უბრალოდ ფეხბურთის თამაში უნდოდა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სასმელი გაჩნდა და ბურთი ჩაანაცვლა.

ალბათ არასდროს ვისურვებდი შემეწყვიტა ის ბავშვი, რომელიც ფაველაში გაიზარდა და ყველაფერი უხაროდა.. პრესამ საშინელება გააკეთა. ისინი ამბობდნენ, რომ ბრაზილიაში დავბრუნდი და ნარკომანი გავხდი. უამრავ საშინელებას მაბრალებდნენ, მაგრამ მათ, ხომ რეალურად არ იცოდნენ რა ხდებოდა.. ისინი პროფესიონალები არ იყვნენ..

რეალურად მე დავუბრუნდი იმ ხალხს, რომლებიც იმ დროს მიცნობდნენ, როდესაც მე „არი-დანო“ ვიყავი. განმარტოებით ცხოვრება არ მინდოდა. ვიყავი იმ ხალხთან, რომლებიც მიცნობდნენ და რომლებსაც ვუყვარდი.

რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ადამიანის სახე დაკარგული მქონდა და ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარა და საბოლოოდ საკუთარი თავის დაბრუნება შევძელი. სწორედ ასეთ დროს უნდა გამოვხატო სიყვარული მორატის მიმართ. ის გამუდმებით მხარს მიჭერდა და „ინტერში“ დაბრუნებას მთავაზობდა, მაგრამ მას ვერ მოვატყუებდი. ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა..

დიახ, შესაძლოა მე უარი ვთქვი მილიონებზე, მაგრამ ვერანაირი ფული ვერ დაგიბრუნებს სულის სიმშვიდეს. ისევ მინდოდა ძველებურად მეგრძნო თავი, მაგრამ მამაჩემის სიკვდილმა გამტეხა. ნარკოტიკებს არ ვეკარებოდი, მაგრამ სასმელზე უარს არასდროს ვამბობდი. ნარკოტიკი, რომ გამესინჯა დედა და ბებია აუცილებლად მოკვდებოდნენ.. ამას ვერ დავუშვებდი.

„ფლამენგოში“ დაბრუნების შემდეგ, „იმპერატორობა“ აღარ მინდოდა. მსურდა უბრალოდ ადრიანო ვყოფილიყავი. ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი, მაგრამ ნებისმიერი ვარჯიშის და მატჩის შემდეგ კლუბში მივდიოდი, ვსვამდი და ქალებთან ერთად ვერთობოდი. ასეთი ცხოვრება ვარჯიშებზე ახდენდა გავლენას და ძლივს დავლასლასებდი. მიუხედავად ყველაფრისა, „ფლამენგოს“ 17 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოვაგებინე.

მე არასოდეს ვყოფილვარ სრულიად იგივე მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ იმ სეზონში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. ისევ ვიგრძენი სიხარული. ისევ ადრიანო ვიყავი.

„ადრიანო იყო ბიჭი ფაველადან“

„ადრიანო იყო ბიჭი ავტობუსში ბებიასთან ერთად“

„ადრიანო იყო ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში „ფლამენგოდან“ უშვებდნენ.“

ფული დიდება, ტიტულები და წარმატება არასდროს ცვლის იმ ფაქტს, თუ როგორი დაიბადე და ვინ იყავი.. მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მომიგია, ვერც კოპა ლიბერტადორესი მოვიგე, მაგრამ იცით რა? სხვა თითქმის ყველაფერი მოვიგე და ჯოჯოხეთი გამოვიარე. მე ვამაყობდი, რომ „იმპერატორი“ ვიყავი, მაგრამ ადრიანოს გარეშე, „იმპერატორი“ არაფერს წარმოადგენს..

ადრიანო გვირგვინს არ ატარებს. ის არის ბიჭი სიღარიბიდან, რომელსაც ღმერთი შეეხო. ახლა გესმით? ხედავთ ყველაფერს? ადრიანო ფაველაში არ გაუჩინარებულა, ის უბრალოდ სახლში დაბრუნდა.."

გაზიარება: