ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"
,,ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, შედეგი თავდაუზოგავ შრომამ გამოიღო, კიდევ იმ სიყვარულმა, რომელიც ფეხბურთის მიმართ ბავშვობიდან გამაჩნდა". ნოდარ ლომინაძის პირველი ნაბიჯები ოზურგეთის მერცხალს უკავშირდება, სადაც დიდი დრო გაატარა, შემდეგ, ტრავმების გამო, ფეხბურთის თამაში აუკრძალეს, რამაც მის ცხოვრებაზე ნეგატიური კვალი დატოვა, თუმცა შრომა მაინც განაგრძო, რაც დაუფასდა: საფეხბურთო კლუბ რუსთავში მოხვდა, სადაც სულ 3 თვე ითამაშა, თუმცა ეს 3 თვე მისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა - რუსთავიდან დინამო თბილისმა წაიყვანა და 19 წლის ასაკში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტის შანსი მისცა:
,,უმაღლეს ლიგაში ჩემი დებიუტი თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ შედგა. ვიგრძენი, რომ ჩემი თავით ამაყი ვიყავი, მიხაროდა, რომ ბავშობის ოცნება ამიხდა და ამავდროულად, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პასუხისმგებლობა გამაჩნდა".
2002 წელს დაბადებულ ტანმაღალ ნახევარმცველს გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე, შეიძლება ითქვას, რომ სეზონის ყველაზე პრინციპულ მატჩში, ქვეყნის ჩემპიონის, დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში ენდო და სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, სადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. დინამოების მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა - დინამო არენაზე 20 000-ზე მეტი გულშემატკივარი მივიდა და მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რეკორდი დამყარდა.
,,ასეთი ფართო აუდიტორიის წინაშე თამაში პირველად მომიწია. მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა. იმედი მაქვს, მაყურებელი სტადიონზე სიარულს გააგძელებს, ეს ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის სტიმულია".
დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველად წარადგენს, ხოლო დინამო თბილისი და გორის დილა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ. ევროტურნირების მატჩები და ცხელი ზაფხული უკვე მოახლოვდა.
მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის შემადგენლობა საკმაოდ ახალგაზრდულია:
,,დინამო თბილისი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ეს სეზონია - მიზანი მოედანზე მოსაგებად გასვლა იქნება, რისთვისაც მთელი გუნდი და მათ შორის მე, მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი გამოჩნდება".
სხვადასხვა დროს, ლომინაძეს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, რამდენიმე თვის წინ კი რამაზ სვანაძემ 21-წლამდე ნაკრების განაცხადში შეიყვანა. 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს:
,,როდესაც 21-წლამდე ნაკრებში გამომიძახეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სიტყვებით გადმოცემა რთულია.
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა, კარგია. ამით ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების მიმართ დაინტერესება წესით, კიდევ უფრო გაიზრდება".
მიუხედავად მცირე ასაკის, როგორც თავად ამბობს, დისციპლინის კუთხით პრობლემები არ აქვს და თავისუფალ დროს, ძირითადად ძალების აღდგენას უთმობს, ფავორიტი ფეხბურთელის გრაფაში კი პოლ პოგბას სახელს წერს:
,,დისციპლინის კუთხით პრობლემები არ მაქვს. გააზრებული მაქვს, რომ ყველაფერი შეიძლება, ოღონდ ზომიერად და საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ. ის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველანაირ ცდუნებას გვერდით გადადებს და მთელს დროს ფეხბურთს დაუთმობს. დატვირთული კალენდარი გვაქვს და თავისუფალ დროს ძირითადად, ისევ დასვენებასა და ძალების აღდგენას ვუთმობ. მეგობრებთან ერთად ჩოგბურთისა და კალათბურთის თამაში მომწონს და ხანდახან, შეიძლება დრო ამისთვისაც გამოინახოს.
თანამედროვე ფეხბურთელებიდან პოლ პოგბას სტილს გამოვარჩევდი. თვალს ვადევნებ მის ცხოვრებასაც და ვფიქრობ, რომ ყველაფრით გამორჩეულია".
მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები
28 მაისს, პარიზის სტად დე ფრანსზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთს მთავარი ტიტულისთვის ლივერპული და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. საუბარი სწორედ აღნიშნული თემით დავასრულეთ:
,,მინდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანახაობრივი, დრამატული, უხვგოლიანი და ბრძოლიუნარიანი გამოვიდეს. გადამწყვეტ მატჩში ჩემი ფავოროტი იურგენ კლოპი და ლივერპულია, რადგან ამ გუნდის სათამაშო სტილი მომწონს. კლოპის ხასიათი და ის, თუ როგორ ჰყავს ფეხბურთელები დამუხტული, ნამდვილად გამოსარჩევია".