უთანხმოება მოგვარდა - ჩელსი 31 მაისამდე გაიყიდება
ლონდონის „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის არსებული უთანხმოება მოგვარდა და მხარეებმა „არისტოკრატების“ გაყიდვის დეტალები შეათანხმეს. ამ ინფორმაციას გავლენიანი Bloomberg-ი ავრცელებს და წერს, რომ „ჩელსი“ 31 მაისამდე გაიყიდება.
როგორც მოგეხსენებათ, მთავარი პრობლემა 1.5 მილიარდის ოდენობის დავალიანება იყო, რომელიც „ჩელსის“ აბრამოვიჩის მიმართ აქვს. რუსი ოლიგარქი მზად იყო, ამ თანხაზე უარი ითქვა, მაგრამ სანქციების დაწესების გამო, მისი ანგარიშები გაიყინა და ამ ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელი გახლდათ. მოგვიანებით, დაიწერა, რომ აბრამოვიჩს თანხის მიღება სურდა, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა ყველაფერი უარყვეს.
საბოლოოდ, რუსი ოლიგარქის იურისტებმა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საერთო ენა გამონახეს და კომპრომისს მიაღწიეს. Bloomberg-ის ცნობით, აბრამოვიჩის იურისტები დარწმუნებული არიან, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა „ჩელსის“ გაყიდვას თანხმობას მისცემს და ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
ცნობისთვის, „ჩელსის“ამერიკულ-შვეიცარიული კონსორციუმი შეიძენს, რომლის სათავეშიც ბიზნესმენი ჰანსიორგ ვისი და ტოდ ბოელი არიან. მათ პრემიერ ლიგისგან გარიგების განხორციელების უფლება უნდა მიიღონ, რის შემდეგაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა „ჩელსის“ ახალ ლიცენზიას გადასცემს, რაც კლუბის გაყიდვას შესაძლებელს გახდის. ამ წუთისთვის, „ლურჯებს“ დროებითი ლიცენზია აქვთ, რომელიც 31 მაისამდე გათვლილი და გარიგების გაჩარხვის ბოლო ვადად სწორედ ეს თარიღი მოიაზრება.