ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა - შენგელია NBA-ში ბრუნდება?
საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა NBA-ში დაბრუნდეს. ინფორმაციას გავლენიანი ევროპული გამოცემა BasketNews.com-ი ავრცელებს.
„ვეტერანი ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელმაც NBA-ში ბოლოს 2014 წელს ითამაშა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებას ცდილობს“, - წერს BasketNews-ი და აქვე ამატებს:
„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 30 წლის კალათბურთელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება. მის მომავალს აქტიურად უკავშირებენ „ვირტუს ბოლონიას“, ან „ბარსელონას“. თუმცა, წყაროები ამბობენ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ყველა ევროპულ კლუბთან მოლაპარაკება შეაჩერა და ახლა, მისი მთავარი მიზანი NBA-ში დაბრუნება იქნება“.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია NBA-ს იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც თორნიკე შენგელიას დამატებით არიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია NBA-ში დრაფტზე 2012 წელს 54-ე ნომრად აირჩიეს და ლიგაში ორი სეზონი გაატარა. ამ წლების განმავლობაში თოკო „ბრუკლინ ნეთსის“ და „ჩიკაგო ბულზის“ ღირსებას იცავდა. ქართველმა კალათბურთელმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 2014 წელს დატოვა და ესპანურ „ბასკონიაში“ გადავიდა, სადაც კლუბთან ერთად ერთხელ მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება.
2020-22 წლებში შენგელია მოსკოვის ცსკა-ს შეუერთდა, მიმდინარე წლის მარტიდან კი „ვირტუს ბოლონიას“ ღირსებას იცავს.