უიმბლდონი, დანილ მედვედევი
Aa
Aa

„რაც უკრაინაში ხდება სამწუხაროა, მაგრამ...“ - მედვედევი უიმბლდონის გადაწყვეტილებაზე

ცნობილი რუსი ჩოგბურთელი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, დანილ მედვედევი ამერიკულ მედიასთან უიმბლდონის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მედვედევის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს:

მქონდა გარკვეული დრო, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალყური მიმედევნებინა და რაც იქ ხდება ნამდვილად ძალიან სამწუხაროა.

რაც შეეხება უიმბლდონის გადაწყვეტილებას, ერთის მხრივ მათი მესმის, მაგრამ მეორე მხრივ უსამართლოდ მიმაჩნია. ეს დელიკატური საკითხია, რადგან იქმნება პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც სხვა ტურნირების ორგანიზატორებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. სად არის ზღვარი? რა შედეგები მოყვება ამ დისკვალიფიკაციებს?

ეს საკითხი ATP-სთან განვიხილეთ. ჩოგბურთელები ლეგალურად თვითდასაქმებულებად ითვლებიან, თვითდასაქმებულ რუსებს კი დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება აქვთ. შესაბამისად, თუ მომეცემა უიმბლდონზე თამაშის შანსი, ამას აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან ეს ტურნირი ძალიან მიყვარს.

მზად ვარ ეს საკითხი ნებისმიერ მოთამაშესთან განვიხილო და ვცდილობ ყველას აზრს პატივი ვცე, რადგან ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მაგალითად, თუ ასობით ადამიანს აჩვენებ ჩოგბურთის ბურთს, დარწმუნებული ვარ, ზოგი იტყვის, რომ ის მწვანეა და არა ყვითელი. მე ვფიქრობ, რომ ყვითელია, მაგრამ ვინმე თუ იტყვის, რომ მწვანეა, მასთან კონფლიქტი არ მექნება.

შეგახსენებთ, რომ „უიმბლდონი“ პირველი საჩოგბურთო ტურნირია, სადაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობა აეკრძალათ, გადაწყვეტილება კი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას უკავშირდება.

ცნობისთვის, კაცების მსოფლიო რეიტინგის 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ოთხი რუსი სპორტსმენია, მათ შორის ალექსანდრ მედვედევი და ანდრეი რუბლიოვი. რაც შეეხება ქალ ჩოგბურთელებს, Top 40 ჩოგბურთელს შორის 5 რუსეთის წარმომადგენელია. ამასთან WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში ორი ბელარუსი ჩოგბურთელი შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენად სამართლიანია, რომ უკრაინელები იხოცებიან?“ - სტახოვსკის პასუხი ნადალს
„რამდენად სამართლიანია, რომ უკრაინელები იხოცებიან?“ - სტახოვსკის პასუხი ნადალს