ქართველი მორაგბეები ევროტურნირების ფინალში ითამაშებენ
ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების 2021/2022 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრებში ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ითამაშებს.
ჩემპიონთა თასის ფინალში, 28 მაისს მარსელში, „ველოდრომზე“, გურამ პაპიძის „ლა როშელი“ ირლანდიურ „ლენსთერს“ ერკინება. ირლანდიელები ფინალში მეექვსედ არიან (4-გზის გამარჯვებული) ფრანგები კი მეორედ ითამაშებენ. „ლა როშელმა“ ფინალი შარშან „ტულუზთან“ დათმო (17:22).
ნახევარფინალში პაპიძის გუნდმა „რასინგ 92“-ს 20:13 სძლია. ამ მატჩში მთავარი მსაჯის ასისტენტი იყო ნიკა ამაშუკელი. რაც შეეხება მორაგბეებს, პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველი ტაიმი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. მეორე ნახევარფინალში „ლენსთერმა“ „ტულუზს“ 40:17 სძლია.
ჩელენჯ თასს აუცილებლად ეყოლება ქართველი გამარჯვებული. 27 მაისს ფინალში „ლიონი“ და „ტულონი“ ითამაშებენ.
ნახევარფინალში „ლიონმა“ ინგლისურ „უოსპს“ 20:18 მოუგო. ფრანგთა რიგებში სრულად ითამაშეს ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა. საღინაძემ ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და ჯამში 11 მეტრით წინ წაწია, დაცვაში კი 10 ბოჭვა შეასრულა. ნინიაშვილმა 6-ჯერ შეუტია, 3-ჯერ გაჭრა ხაზი და ჯამში 93 მეტრი იარა. მის ანგარიშზეა 3 ბოჭვა.
„ტულონმა“ ასევე ინგლისურ „სარასენსს“ 25:16 სძლია და მეოთხედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, თუმცა ის ჯერ არასდროს მოუგია. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან ბურთით ორჯერ შეუტია და 4 მეტრით წინ წაიწია, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა.
მომზადებულია RUGBY.GE-ის მიხედვით