კანი: "ლევანდოვსკი კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს"
ბოლო დღეებში, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება რობერტ ლევანდოვსკის შესახებ. პოლონელ თავდამსხმელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერის“ დატოვებას მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს. 34 წლის ფორვარდით „ბარსელონა“ ინტერესდება.
მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ოლივერ კანმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა.
კანი:
„ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს. ის ამ კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს! არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც „ბაიერნზე“ მაღლა დადგება. ეს ძალიან ნათელია. ჩვენს გუნდში ხშირად ყოფილა ასეთი დრამები და ეს ახალი არ არის. რობერტს ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ და მისმა აგენტმა დაბლოკა. ვინც „ბაიერნთან“ კონტრაქტს აფორმებს, კარგად უნდა იცოდეს რას აკეთებს.“
ცნობისთვის, „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა და შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონელი შემტევი ქომაგებს დაემშვიდობა. მეტიც, მის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.
ლევანდოვსკი:
„ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ. ორივე მხარემ საუკეთესო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. კლუბს ვუთხარი, რომ თუ ჩემზე რაიმე სახის შემოთავაზება იქნება, უნდა დავფიქრდეთ. ძალიან შესაძლებელია, რომ „ბაიერნში“ ეს ჩემი უკანასკნელი თამაში იყო. 100%-ით ზუსტად ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათობა დიდია. ორივე მხარემ საუკეთესო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.“
ცნობისთვის, პოლონელი თავდამსხმელის მდგომარეობაზე, გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც ისაუბრა:
„ლევანდოვსკის პირადად ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩვენს შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. რობერტი „ბაიერნს“ დატოვებს.“
როგორც ხედავთ, „ბაიერნის“ ბოსები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. საინტერესოა რა გველოდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.