„ამ ბიჭებს შენ სძულხარ“ - პიკე მოურინიოს დროინდელ კლასიკოებს იხსენებს
ხერარდ პიკემ ჟოზე მოურინიოს ლა ლიგა მუშაობის მონაკვეთი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელმა „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ერთმანეთი შეაძულა.
„მას შემდეგ, რაც ის ლა ლიგაში მოვიდა, მან იცოდა, რომ ისინი მოედანზე ჩვენზე სუსტები იყვნენ. ჩვენ ნამდვილად გვყავდა საუკეთესო გუნდი და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაც კარგი იყო.
მახსოვს, როცა რეალთან ამ მატჩების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში გამოგვიძახეს რთული იყო, რადგან მოურინიო არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს თავებში უძვრებოდა და ეუბნებოდა: „ამ ბიჭებს შენ სძულხარ“. და ისინიც იჯერებენ.
ეროვნული ნაკრების გასახდელში კასილასს მივუახლოვდი და მივესალმე: „გამარჯობა, იკერ“, მაგრამ ის არ მელაპარაკებოდა.
მაშინ მე ეს არ ვიცოდი, მაგრამ მწვრთნელი იყო, მან ნამდვილად იცის, როგორ მოხვდეს თავში",
- თქვა პიკემ The Overlap პოდკასტში საუბრისას.
პიკემ პე გუარდიოლას „ბარსელონადან“ წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ჟოზე მოურინიო დაასახელა.
„მოურინიო ყოველდღე საპრესკონფერენციო დარბაზში იყო. საბოლოოდ გუარდიოლა წავიდა. დიახ, პეპის წასვლის ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მოურინიო იყო. რაც იმ დროს ლა ლიგაში ხდებოდა, ეს მეტისმეტი იყო“.