"პირადად ვესაუბრე, ის ბაიერნს დატოვებს" - სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკიზე
დიდი ხანია მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენურ გრანდს დატოვებს და კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
დღევანდელ დღემდე, „რეკორდმაისტერის“ არცერთ წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი, „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჩიჯმა განცხადება გააკეთა.
სალიჰამიჯიჩი:
„ლევანდოვსკის პირადად ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩვენს შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. რობერტი „ბაიერნს“ დატოვებს.“
პოლონელი თავდამსხმელის შესახებ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმაც ისაუბრა:
„იბრაჰიმოვიჩი, მოდრიჩი, დანი ალვეში... ისინი დიდ კლუბებში არიან და ყველანი კარგად თამაშობენ. რონალდუც და მესიც. ასაკი არ არის პრიორიტეტი. მთავარია გაგვაუმჯობესებს თუ არა კონკრეტული ფეხბურთელი. ჩვენ გვინდა დავიმატოთ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე განსხვავებას შექმნიან და გუნდს გააძლიერებენ. ცხადია, რომ 25-დან 33 წლამდე ასაკის ფეხბურთელი უფრო მომწიფებულია, ვიდრე ახალგაზრდები. ასაკი ჩვენთვის პრიორიტეტი არაა“.
ლევანდოვსკი „ბაიერნში“
ვეტერანი შემტევი გერმანულ კლუბს 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 373-ჯერ მოირგო, 343 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.