წვივის დამცავი რომას ლოგოთი - ჯეკოს ყოფილი კლუბი ძალიან ჰყვარებია
კოპა იტალიის ფინალში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 4:2 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტულს დაეუფლა. „ნერაძურის“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ სხვებზე არანაკლებ ბედნიერი იყო.
საფინალო სასტვენის შემდეგ, ბოსნიელი თავდამსხმელი მინდორზე დაწვა. ყურადღებიანმა ჟურნალისტებმა ჯეკო აღჭურვილობაში საინტერესო დეტალი შენიშნეს. ვეტერან ფეხბურთელს „რომას“ ლოგოიანი წვივის დამცავი ეკეთა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათით მსჯელობა რთულია. აქედან გამომდინარე, იტალიელმა ჟურნალისტებმა მოიშველიოს „ინტერის“ გასახდელის ფოტო, სადაც ჯეკოს სათამაშო ფორმის გვერდზე წვივის დამცავი დევს, რომელზეც აშკარად „ჯალოროსის“ ლოგო არის გამოსახული.
რატომ უყვარს ჯეკოს „რომა“ ასე ძალიან?
ბოსნიელმა თავდამსხმელმა „რომაში“ 6 სეზონი გაატარა. ეს კი თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ დიდი დროა. ამ პერიოდის განმავლობაში, ედინს ხშირად უწინასწარმეტყველებდნენ სხვა კლუბში გადასვლას. მეტიც, ფონსეკასთან დაპირისპირებაც კი ჰქონდა, მაგრამ ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ „რომას“ ერთგული იყო.
„რომში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ჩემს ცოლ-შვილს რომი მოსწონს და აქ ბედნიერები არიან“
- განაცხადა ჯეკომ 2018 წელს
„თითოეული მატჩის შემდეგ, „რომას“ მაისური სულ უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის. ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ არ სხეულთან არ შეხორცდება“
- თქვა ბოსნიელმა 2020 წელს
ჯეკო „ინტერში“
შეგახსენებთ, რომ ედინი „ინტერს“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. დღემდე ჯეკომ „ნერაძურის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 48-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.