პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ანალიზი - შეცვლის ჰოლანდი პეპის სათამაშო ფილოსოფიას?

„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდიდან“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება უკვე შედგა.

ერთია ტრანსფერი და მეორე, თუ რამდენად გაამართლებს ის. ბოლო წლებში პეპ გუარდიოლა სტაბილურად იყენებდა ცრუ ცხრიანის პოზიციას და მატჩების 90%-ს კლასიკური ცხრიანის გარეშე ატარებდა.

ერლინგ ჰოლანდი თავისი აღნაგობითა და სათამაშო სტილით სუფთა ცხრიანია. კარზე დაგეშილი, იდეალური გოლის ალღოთი, რომელიც გოლებს ყველაზე სწორი და სწრაფი გზით იტანს.

პეპ გუარდიოლა კი არის მწვრთნელი, რომელიც დეტალებისა და ნიუანსების გამოყენებით გამოირჩევა. მსგავსი სტილის მწვრთნელი ფეხბურთს სავარაუდოდ აქამდე არასდროს უნახავს.

ბოლოს პეპისა და ტანმაღალი ფორვარდის ურთიერთობა ცუდად დასრულდა...

სანამ ახალი სეზონი დაიწყება, იქამდე „სიტის“ მისამართით 2 მნიშვნელოვანი კითხვა არის:

პირველი - რამდენად შეძლებს ჰოლანდი პეპის გუნდს მოერგოს? ნორვეგიელი ეგრეთწოდებული „საჯარიმოს კაცია“ და მის მიღმა ბურთის კონტროლით და დრიბლინგებით არ გამოირჩევა, მას არ შეუძლია ბენზემას ან კეინის მსგავსად სიღრმეებიდან იმოქმედოს, ის უფრო მეტად ცივსისხლიანი მკვლელია, რომელიც გამუდმებით გზას ეძებს, გზას, რომელიც კარისკენ მიდის.

მეორე - რამდენად გადაეწყობა თავად გუარდიოლა ჰოლანდზე? პეპი ბოლო სეზონებში ფორვარდის პოზიციაზე უნივერსალს უფრო ხშირად იყენებდა. ჟესუსიც კი, რომელიც 9 ნომერია, მასაც ხშირად ფლანგზე წევდა და მაინც ცრუ ცხრიანით აგრძელებდა თამაშს. გავიხსენოთ თუნდაც „რეალთან“ განმეორებითი ნახევარფინალის მეორე ტაიმი.

ჰოლანდი - სიტის გამოსავალი?

ჰოლანდი შესაძლოა „სიტისთვის“ გამოსავალი იყოს. მატჩები, რომლებშიც წელს პეპის გუნდმა ქულები დაკარგა (საუთჰემპტონთან, კრისტალ პალასთან, ტოტენჰემთან), „ქალაქელები“ ცრუ ცხრიანით მოქმედებდნენ და უფრო მეტად ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონას ტვირთავდნენ. ბურთს მეტად ფლობდნენ და ტემპიც შესაბამისად დაბალი იყო, რამაც მეტოქეს თავდაცვა გაუმარტივა, თან საჯარიმოში ცენტრალურ მცველებს დიდი ზეწოლა არ ჰქონდათ, რადგან „სიტი“ ფორვარდის გარეშე იყო.

ჰოლანდი ტანმაღალია, მეორე სართულზე ძლიერია და ამავდროულად აღნაგობიდან გამომდინარე ნორვეგიელი ძალიან სწრაფია. მას ცენტრიდან მეტოქის კარამდე ბევრჯერ განუხორციელებია შთამბეჭდავი სპრინტი, რომელიც გოლებითაც დასრულებულა. საჯარიმოში კი თავისი უნარებით ერლინგს სივრცის შექმნა და მინიმალური შანსის გოლად ქცევა შეუძლია.

სიტის პრობლემა

პეპის გუნდს ნახევარდაცვის ცენტრში ხშირად ბევრი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც 10 ნომრის საქმეს აკეთებენ და მატჩების მსვლელობისას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებს, საჯარიმოში შერბენებს კი არავინ აკეთებს.

ჰოლანდის უნარებმა - სიღრმიდან საჯარიმოში სწრაფად შეჭრა და სივრცის შექმნა - „სიტის“ სხვა შემტევებს მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, რის გამოყენებასაც პეპ გუარდიოლასგან პირველ რიგში ელიან, სწორედ ეს არის.

გუარდიოლას ბოლო დროს ერთი სქემით თამაში დასჩემდა. პეპი თავის არჩეულ გზას არასდროს უხვევს და გამოუვალი მდგომარეობის დროსაც, მაინც თავის „პირველ ჩვენებას“ აწვება. ჰოლანდის ტრანსფერმა სავარაუდოდ ესეც უნდა შეცვალოს.

პეპს აქვს თამაშის თავისებური ხედვა. გუნდი შეტევებისას ყოველთვის მწვრთნელის გეგმას მიყვება, იქამდე სანამ მოედნის ბოლო მესამედამდე არ მივლენ. ამის შემდეგ, ფეხბურთელებს სრული თავისუფლება ეძლევათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი სეზონისთვის დიდი ინტრიგაა. ვის რისი დათმობა მოუწევს? რამდენად ადაპტირდება ჰოლანდი ახალ რეალობაში და რამდენად ადაპტირდება გუარდიოლა ასეთი სტილის ფორვარდთან?

ფაქტია, რომ „სიტის“ ასეთი სტილის მოთამაშე აკლდა. შეიძლება ზუსტად ჰოლანდი არა, მაგრამ მსგავსი პროფილის მოთამაშე ნამდვილად აკლდათ. ამჯერად უკვე პეპს უკან დასახევი გზა აღარ ექნება. ექსპერტების აზრით, ახალი „მანჩესტერ სიტი“ სრულყოფილი გუნდი უნდა იყოს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ფურცელზეა. ხორცი ამ ყველაფერს მწვრთნელმა უნდა შეასხას...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ვერ ვუყურებდი, თუ როგორ ურტყამდნენ მას" - ლევ და ვალენტინა იაშინას სასიყვარულო ისტორია