თურანი: "მენტალური და ფსიქიკური პრობლემები მქონდა"
კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა არდა თურანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ისაუბრა. თურქი ნახევარმცველი ამბობს, რომ თავისი კარიერის განმავლობაში ძილის პრობლემები ჰქონდა.
თურანი იმასაც ამბობს, რომ გარკვეული სახის ფსიქიკური პრობლემებიც აღენიშნებოდა. ესპანეთში გატარებული დრო კი მას მნიშვნელოვნად დაეხმარა.
რა თქვა თურანმა?
„მე ნამდვილად დიდი შეცდომები დავუშვი. ჩემი საუბარი აღსარებას ჰგავს. წლების განმავლობაში ძილის პრობლემა მქონდა და ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ვიყავი. ჩემს თავს კარგად ვერ ვუვლიდი.
პრობლემა წმინდა ფსიქოლოგიურია. ვერ ვაკონტროლებდი წონას. 10 დღე დიეტაზე ვიყავი, ხოლო შემდეგ აღარ მაინტერესებდა და ვარღვევდი. ესპანეთში გადასვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. თავი კომფორტულად ვიგრძენი და სრულყოფილად ვიგრძენი. კარგი დღეები გამოვიარე და ძალიან მენატრება..
არდა თურანი „ატლეტიკოში“
თურქი ნახევარმცველი „როხიბლანკოს“ 2011 წელს შეუერთდა. 2011 წლიდან, 2015 წლამდე არდამ მადრიდელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 178-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.
არდა თურანი „ბარსელონაში“
მადრიდული კარიერის შემდეგ, თურქმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ მიაშურა, სადაც ორი სეზონი გაჩერდა. თურანმა კატალონიელთა შემადგენლობაში 55 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.