"დიდი ცხვირი თუ გაქვს შეიძლება დაისაჯო" - ჩეფერინის წესების შეცვლა სურს
უეფა-ს პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინის რამდენიმე ამჟამინდელი წესი არ მოსწონს. ფეხბურთის მმართველი ორგანოს ლიდერს თამაშგარე მდგომარეობის და ხელის წესი კმაყოფილების საშუალებას არ აძლევს.
ფეხბურთში ვიდეო რეფერის დანერგვას კრიტიკოსები გამოუჩნდა. ზოგი ამბობს, რომ მომენტის განხილვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ამით საფეხბურთო დინამიკა იკარგება. ჩეფერინის აზრით, ამჟამინდელი თამაშგარე მდგომარეობის წესის გამო შესაძლოა ფეხბურთელი უსამართლოდ დაისაჯოს.
ჩეფერინი:
„თავიდან ვიდეო რეფერის სისტემა საკმაოდ ნელი იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა და გაცილებით დახვეწილია. „ვარ“ სწრაფი გახდა და დინამიკას არ შლის. ის ფაქტი, რომ თამაშგარე მდგომარეობა შესაძლოა მილიმეტრების გამო დაინიშნოს არ მომწონს. ოდნავ დიდი ცხვირი ან ფეხი თუ გაქვს შესაძლოა ამის გამო დაისაჯო.
ასევე სადავოა ხელით თამაშის წესიც. ბოლომდე ვერავინ გაიგო რა დროს არის თამაშის წესის დარღვევა და ეს უნდა გადაიხედოს. ფიგუმ მითხრა, ახლა, რომ თამაშობდეს მცველს სპეციალურად ხელში მოარტყამდა ბურთს.“
პრესკონფერენციაზე, ფეხბურთის მმართველი ორგანოს ლიდერმა რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებზე დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა:
"როდესაც უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა, ეს პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო გამოწვეული. ასეთ დროს ფეხბურთია გამარჯვებული. სანქციების დაწესებით, გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონტინენტზე მშვიდობის დასამყარებლად.
ეს სახიფათო პრეცედენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთისთვის ამ რთულ დროს ფეხბურთი გახდა დამარცხებული. ძალიან მტკენს გულს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს არ შეუძლიათ საკუთარ მიზნებისკენ და ოცნებებისკენ სწრაფვა."