აზარი დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 100%-ით მზად იქნება
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ედენ აზარმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ითამაშა. ბელგიელმა ვარსკვლავმა მარტის მიწურულს ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო 5 კვირა გამოტოვა. „ბლანკოსის“ „შვიდიანს“ ქირურგიული ჩარევა 1 წლის განმავლობაში უნდოდა და საბოლოო გადაწყვეტილება 25 მარტს მიიღო.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ედენმა სარეაბილიტაციო კურსი დაამთავრა, ტრავმა სრულიად მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ესპანური გამოცემების მიხედვით, აზარი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 100%-ით მზად იქნება. მეტიც, შესაძლოა მან ლა ლიგის დარჩენილ ტურებში რამდენიმე წუთი ითამაშოს.
ცნობისთვის, ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა უკანასკნელად 2022 წლის 19 თებერვალს „ალავესის“ წინააღმდეგ 6 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში კი ჯამში აზარი მინდორზე 22-ჯერ გამოჩნდა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, მადრიდის „რეალში“ გადასვლიდან დღემდე ედენ აზარმა სხვადასხვა ტრავმების გამო 493 დღე იუქმა და 74 მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.