დილაზე, გულშემატკივარზე, საყვარელ ფეხბურთელსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე - ინტერვიუ ნიკა გაგნიძესთან
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 12 ტურია გასული, გორის დილას 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. ანდრი დემჩენკოს გუნდის რიგებში გამორჩეულ სეზონს ატარებს კაპიტანი, ნიკა გაგნიძე, რომელმაც თორმეტივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 2 გოლი გაიტანა.
გაგნიძე გორის დილას რიგებში 2018 წლიდან თამაშობს და ამბობს, რომ:
,,კლუბსა და გულშემატკივარს ისე ვუყურებ, როგორც ერთ დიდ ოჯახს. ჩვენს გუნდს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავს, ეს კი საშინაო მატჩების დროს დასწრების მაჩვენებელში ისახება. ცალკე საკითხია გუნდის ფან-კლუბის თემა, დილას ,,ლომკაცები" ნამდვილად გამორჩეულად ერთგულები არიან".
ნიკა მხოლოდ 21 წლის არის, თუმცა კაპიტნის სამკლავური უკვე გადაიბარა:
,,ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა".
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში დილა დინამო ბათუმის წინააღმდეგ, ანგარიშით - 3-0 დამარცხდა. ერთი შეხვედრით, მატჩის სცენარი მსგავს ანგარიშს არ მოასწავებდა, თუმცა ყველაფერი მაინც სამმა წუთმა გადაწყვიტა - ანგარიში სოლიდური, 81-ე წუთიდან გახდა:
,,ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. რამდენიმე საკითხი იყო, რამაც ეს შედეგი განაპირობა, თუმცა ეს ანგარიში იმ რეალობას არ ასახავს, რაც მოედანზე ხდებოდა.
მატჩის შემდეგ დემჩენკომ გვითხრა, რომ არა ჩვენი შეცდომები და შეტევაში მეტი აგრესია, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
დემჩენკო საკუთარი დამოკიდებულებით ყველასთან გამორჩეულია. ძალიან ემოციური სპეციალისტია, რაც მატჩების მიმდინარეობისას კარგად ჩანს და ზოგადად, ისეთ დეტალებს აქცევს ყურადღებას, რაზეც შეიძლება, რომ სხვამ აქცენტი არ გააკეთოს. მძიმე პერიოდში ჩვენ მის გვერდით ვიყავით. პირველ ტურში, გატანილი გოლი, მთელმა გუნდმა სწორედ უკრაინელ მწვრთნელს მიუძღვნა".
როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველად წარადგენს, ხოლო დინამო თბილისი და გორის დილა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ:
,,წინ სატრანსფერო ფანჯარაა და ბუნებრივია, ტრანსფერების გაკეთების შესაძლებლობა იარსებებს. დილას მიზანი აუცილებლად იქნება ევროტურნირებზე ღირსეულად ასპარეზობა".
ინტერვიუს მსველობისას ნიკას ახალგაზრდა ასაკზე, გამოწვევებსა და საყვარელ ფეხბურთელზე ვკითხეთ:
,,ვფიქრობ, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, რეჟიმი ყველა ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რამდენადაა საჭირო, შესაბამისად, ეს ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება საყვარელ ფეხბურთელს, მიუხედავად იმის, რომ სათამაშო პოზიციითა და საფეხბურთო თვისებებით ძალიან განვსხვავდებით, ანდრეს ინიესტა ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ფავორიტი, საყვარელი კლუბი კი ბარსელონაა".
28 მაისს, პარიზის სტად დე ფრანსზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთს მთავარი ტიტულისთვის ლივერპული და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია, აღნიშნული საკითხის შესახებ ნიკას აზრიც მოვისმინეთ:
,,რეალმა წელსაც დაამტკიცა, რომ ძალიან დიდი კლუბია და რომ ამ ტურნირზე ყოველთვის ყველაზე უკეთ გამოიყურებიან, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარეს ლივერპულია, რომელიც წარმოუდგენლად კარგ ფეხბურთს თამაშობს. ასე, რომ ფავორიტის არჩევა რთულია".
21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.
გაგნიძე რამაზ სვანაძის ფორმაციის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია და ინტერვიუ სწორედ აღნიშნულ თემაზე საუბრით დავასრულეთ:
,,21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო იმ კონკრეტული ნაკრებისთვის იქნება, რომელიც საქართველოს ამ ტურნირზე წარადგენს, არამედ, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის და სასიხარულოა, რომ ამ დიდ საფეხბურთო ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი ჩვენ ვიქნებით".