„ომში წასვლაზე ბევრჯერ მიფიქრია“ - შევჩენკო იტალიურ ტელევიზიაში სტუმრობისას ატირდა
უკრაინის ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ იტალიურ მედიაში სტუმრობისას უკრაინის საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
45 წლის ვეტერანმა ჟურნალისტს საკუთარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო და განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე აქტიურად ფიქრობს.
რას ამბობს შევჩენკო:
„დიახ, ბევრჯერ მიფიქრია ჩემს ქვეყანაში საბრძოლველად წასვლაზე, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალი ალბათ არ იქნება. მგონია, რომ ახლა ყველაზე სწორი ჩემი კავშირების გამოყენებაა. ყოველდღიურ რეჟიმში ომის შესახებ აქტიურად ვსაუბრობ საერთაშორისო მედიაში, ვუწევ ჰუმანიტარულ დახმარებას ჩემი ქვეყნიდან დევნილებს, შევქმენი არაერთი დახმარების პროგრამა და საქველმოქმედო ფონდებთანაც აქტიური კომუნიკაცია მაქვს. სწორედ ამას ვაკეთებ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს უკვე ჩემი ცხოვრების დღის წესრიგია“.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.