სტეფის ისტორიული საღამო - მემფისი 47 წუთის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ მაინც წააგო
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „მემფის გრიზლისთან“ სერიაში სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. „მეომრებმა“ საკუთარ კედლებში გამართული მეორე შეხვედრაც მოიგეს და მომდევნო ეტაპის საგზურის დასასაკუთრებლად ერთი მოგებაღა სჭირდებათ - 3:1.
„მემფისმა“ გუნდის უდავო ლიდერის, ჯა მორენტის გარეშე იასპარეზა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, „გოლდენ სტეიტს“ უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე „გრიზლისი“ 7 ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა თავიანთი სათქმელი თქვეს, მეტოქეზე 10-ით მეტი ქულა ჩააგდეს და საბოლოოდ, 101:98 იმარჯვეს.
„გოლდენ სტეიტს“ სტეფ კარიმ ულიდერა, რომელსაც 32 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „უორიორსის“ უკანახაზელისთვის დღევანდელი მატჩი ისტორიული გამოდგა და იგი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც საპლეიოფო ეტაპზე 500 სამქულიანი ჩააგდო. სტეფის გარდა, 17 ქულით ენდრიუ უიგინსი გამოირჩა, კლეისა და პულს კი 14-14 ქულა ჰქონდათ.
this team is so special pic.twitter.com/cADuVk961D
— Golden State Warriors (@warriors) May 10, 2022
საინტერესოა, რომ „მემფისი“ მატჩის 47 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და სერიის გათანაბრების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მორენტის არყოფნამ თავისი გააკეთა. ჯას გარეშე დარჩენილ გუნდში ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი გამოირჩა - 21 ქულა, 5 მოხსნა. ტაიუს ჯონსს 19 ქულა ჰქონდა, კაილ ანდერსონმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო დილონ ბრუქსი და სტივენ ადამსი 12 და 10 ქულას დასჯერდნენ.
„გოლდენ სტეიტის“ საშინაო არენაზე გამართული 2 მატჩის შემდეგ, სერია მემფისში დაბრუნდება და მე-5 შეხვედრას 12 მაისს, თბილისის დროით, 05:30-ზე ვიხილავთ.