კვეკვესკირი ჩემპიონი ხდება? - გვილიას გუნდმა ლიდერობა დაკარგა
პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ''პიასტი'' შინ პოზნანის ''ლეხთან'' 1:2 დამარცხდა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე შეაგდეს, კვეკვესკირის შესრულებულ კუთხურს გოლი მოჰყვა, ლუბომირ შატკას პასით მიკაელ იშაკმა გაიტანა.
კვეკვესკირი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.
''ლეხის'' უშუალო კონკურენტმა ''რაკუვმა'' შინ ''კრაკოვიასთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. საგოლე პასი ოთარ კაკაბაძის ანგარიშზეა. 87-ე წუთზე კაკაბაძეს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ააცილა.
გამომდინარე იქიდან, რომ ''რაკუვმა'' ქულები დაკარგა, ''ლეხმა'' უშუალო კონკურენტს 2 ქულით გაასწრო, პოზნანური გუნდი 68 ქულით ლიდერია.
კაკაბაძე და გვილია სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ''კრაკოვიას'' მცველი 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ''რაკუვის'' ქართველი ნახევარმცველი კი - 85-ე წუთზე. გვილიას თანაგუნდელი ლუკა გაგნიძე განაცხადში არ იმყოფებოდა.
ექსტრაკლასას დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. 14 მაისს, ''ლეხი'' უმოტივაციო ''ვარტას'' ესტუმრება, დასკვნით ტურში კი ლიუბინის ''ზაგლემბეს'' უმასპინძლებს, რომელიც გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
საინტერესოა, რომ შემდეგ ტურში ''ზაგლემბე'' ''ლეხის'' უშუალო კონკურენტს, ''რაკუვს'' უმასპინძლებს, შემდეგ კი უმოტივაციო გდანსკის ''ლეხიას'' მიიღებს.
შეგახსენებთ, პოზნანის ''ლეხი'' 68 ქულით ლიდერია, ''რაკუვის'' აქტივში 66 ქულაა. ჩემპიონობის თეორიულ შანსს მესამეადგილოსანი ''პოგონიც'' ინარჩუნებს, შეცინური გუნდის ანგარიშზე 63 ქულაა.