აღზევებისთვის ბრძოლა გრძელდება - მერებაშვილის საგოლე პასი პოლონეთში
პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში გლოგუვის ''ხრობრი'' შინ ''პოდბესკიძესთან'' 1:3 დამარცხდა. ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, გიორგი მერებაშვილის საგოლე პასით კამილ ბილინსკიმ თავით გაიტანა. ქართველმა შემტევმა სასტარტოში ითამაშა, 82-ე წუთზე შეცვალეს.
ამ სეზონში 35 წლის გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.
სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ''პოდბესკიძე'' 44 ქულით მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს ორი ქულით ჩამორჩება. თუ გუნდი საუკეთესო ექვსეულში მოხვდება, ფლეი-ოფის გზით ექსტრაკლასაში აღზევების შანსი ექნება. აღსანიშნავია, რომ ''ხრობრი'' 46 ქულით მე-6 ადგილზეა. ასე რომ, მერებაშვილის გუნდმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა.
ექსტრაკლასაში აღზევებისთვის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის გუნდი, ლუკა ზარანდიას ''კორონა'' იბრძვის, რომელიც 57 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსანს 2 ქულით ჩამორჩება. თუ ზარანდიას გუნდი მეორე საფეხურს დაიკავებს, ექსტრაკლასაში ფლეი-ოფის გარეშე აღზევდება.
შეგახსენებთ, მერებაშვილმა 2021 წლის ზაფხულში ''პოდბესკიძესთან'' კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. შესაძლოა, მიმდინარე სეზონის შემდეგ მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.