დალასში ახალი გმირი გამოჩნდა - მავერიქსმა ფინიქსთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა
დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში, „დალას მავერიქსმა“ წონასწორობა აღადგინა. სტუმრად წაგებული ორი შეხვედრის შემდეგ, ტექსასელებმა საკუთარ კედლებში 2-დან 2 მატჩი მოიგეს და გამთენიისას 111:101 იმარჯვეს.
„დალასის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ლუკა დონჩიჩმა, რომელიც „ფინიქსთან“ სერიას ფენომენალურად ატარებს და ამჯერად 26 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა. ლუკას ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, „მავერიქსის“ გმირი დორიან ფინი-სმიტი გახლდათ. ამ უკანასკნელმა 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულა დააგროვა.
Ferrari Doe: a walking bucket.
— x - Dallas Mavericks (@dallasmavs) May 8, 2022
8-12 3PT | Playoff career-high 24 PTS. #dALLasIN pic.twitter.com/rMLtIBKOU5
ფინი-სმიტმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და აქამდე 8 სამქულიანი არასდროს გაუფორმებია. გარდა ამისა „დალასის“ ისტორიაში, პლეიოფის ერთ შეხვედრაში მასზე მეტი სამქულიანი მხოლოდ ჯეისონ ტერის აქვს - 9. „ფინიქსს“ რაც შეეხება, კვლავ ცუდი მატჩი ჰქონდა კრის პოლს, რომელმაც 5 ქულა დააგროვა და 6 ჯარიმის გამო პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია. დევინ ბუკერს 35 ქულა ჰქონდა, ხოლო ჯეი კრაუდერს - 15.
ამრიგად, „დალასისა“ და „ფინიქსის“ სერიაში ანგარიში თანაბარია - 2:2. მომდევნო შეხვედრა არიზონაში გაიმართება და 11 მაისს, თბილისის დროით, 06:00-ზე დაიწყება.