ტრაგედია ინგლისში - თამაშის დროს 13 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
ინგლისში, იუნიორთა საფეხბურთო ტურნირზე 13 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს.
შემთხვევა ნოტინგემში, ელიზაბეთის ახალგაზრდულ ლიგაში (YEL) მოხდა. საფეხბურთო კლუბ „კავალიერს გრინისა“ და „როსონერის“ U13 გუნდების მატჩის დროს, „კავალიერსის“ ფეხბურთელი სამუელ აკვასი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაში ამბობენ, რომ აკვასის სტადიონზე გულის შეტევა დაემართა.
კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 13 წლის ფეხბურთელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზევე, დაუყონებლივ აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნოტინგემშირის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელებმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს: „ყველა შოკირებულები ვართ. სამუელ აკვასი გუნდის ყველა წევრისგან დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის „კავალიერსის შემადგენლობაში U9 გუნდიდან თამაშობდა. უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს“.
საგულისხმოა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე თვის წინ ინგლისის ახალგაზრდულ ლიგაში საფეხბურთო კლუბ „ვესტ ბრიჯფორდ კოლტის“ 17 წლის ფეხბურთელი, დილან რიჩი გულის შეტევით დაიღუპა.