შეხვედრა ფერგიუსონთან - შესაძლოა, რონალდუ მან. იუნაიტედში დარჩეს
Mirror-ის ცნობით, ''მან. იუნაიტედის'' ლეგენდარულ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის შეხვედრა შედგა. ჩეშირში ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, ერთმანეთს ხშირად ხვდებიან და საკლუბო თემებს განიხილავენ. მათი ბოლო შეხვედრის თემა რონალდუს მომავალი იყო, დარჩება ''ოლდ ტრაფორდზე'' თუ კლუბს დატოვებს. წყაროს მიხედვით, შოტლანდიელი ცდილობდა რონალდუ დაერწმუნებინა, რომ კლუბში დარჩეს და ერიკ ტენ ჰაგის გეგმების ნაწილი გახდეს.
Mirror-ის ცნობით, რონალდუს თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შესაძლოა ფერგიუსონთან საუბარმა კლუბში დარჩენის თვალსაზრისით დადებითი გავლენა მოახდინოს. მიუხედავად ამისა, მთავარი ერიკ ტენ ჰაგის პოზიციაა, რომელიც აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს, რაც რონალდუს სათამაშო დროს და გუნდში მის როლს შეასუსტებს. შესაძლოა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რონალდუსთან მუშაობის სურვილი გამოთქვას, მაგრამ სავარაუდოდ, 37 წლის ფეხბურთელი როტაციაში იქნება.
გასულ კვირაში, Mirror-მა რონალდუს შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. შესაძლოა, რონალდუ მადრიდის ''რეალში'' დაბრუნდეს. ამავდროულად, ესპანურ კლუბს რონალდუსთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს. ''მან. იუნაიტედში'' მის მომავალთან დაკავშირებით ბუნდოვანი ვითარებაა. აქედან გამომდინარე, რონალდუ წასვლაზე ფიქრობს.
მიმდინარე სეზონი ''მან. იუნაიტედისთვის'' წარუმატებელია, რალფ რანგნიკის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს. სეზონის დასრულების შემდეგ რანგნიკი სპორტული დირექტორი გახდება, მთავარ მწვრთნელად კი ერიკ ტენ ჰაგს ვიხილავთ.
2009 წელს რონალდუ ''მან. იუნაიტედიდან'' მადრიდის ''რეალში'' 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა, რაც იმ პერიოდისთვის მსოფლიო ფეხბურთში სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო. კრიშტიანუ ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' 2009-2018 წლებში ასპარეზობდა. არაერთი ინდივიდუალური თუ საკლუბო ტიტულის გარდა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო (2013-14, 2015-16, 2016-17, 2017-18), ლა ლიგა კი - ორჯერ (2011-12, 2016-17).