„საფინამ და ბერულავამ ისტორია დაწერეს" - ქართული წყვილი ISU-ს რჩეულთა შორის
ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა საკუთარ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იუნიორი მოციგურავეების სეზონი შეაფასა და რამდენიმე სპორტსმენი გამოარჩია. ISU-ს ყურადღების ცენტრში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილიც მოექცა, რომელიც იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„წყვილთა შორის, ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა, როცა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანეს. თანაც ამ ახალგაზრდებმა წყვილთა შორის გამოსვლა სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიწყეს“, - წერს ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირი და ქართული წყვილის კომენტარიც მოჰყავს.
„ბედნიერნი ვართ, რომ საქართველოსთვის ეს ოქროს მედალი მოვიგეთ. საქართველოში უკვე რამდენიმე წარმატებული მოციგურავე გვყავს, მალე საციგურაო მოედანიც აშენდება და იმედი მაქვს, ეს ფიგურული ციგურაობის განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აცხადებს ბერულავა. „ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი, რაც მიმდინარე სეზონში მინდოდა, რომ გამოსულიყო, გამოვიდა“, - დასძინა საფინამ.
შეგახსენებთ, რომ ტალინში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საფინასა და ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამაში 67.77 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში კი 120.35 ქულა მიიღო და მეორეადგილოსან ავსტრალიელებს 18.21 ქულით გაუსწრო.