''ფეხბურთს ქომაგი უხდება, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს''
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა თბილისის ''დინამომ'' ''დინამო არენაზე'' გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მატჩის შემდეგ მედიასთან ბათუმის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გიორგი ჩიხრაძემ ისაუბრეს.
გეგუჩაძემ მხოლოდ მატჩის საფეხბურთო მხარეზე ისაუბრა, თუმცა როცა საუბარი დაასრულა, მინდორზე ქომაგები შევიდნენ და ძალიან არასასიამოვნო ვითარება შეიქმნა. ამასთან დაკავშირებით, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, ფეხბურთის ახალგაზრდა ქომაგებთან სამუშაოა ჩასატარებელი.
11 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამომ'' 24 ქულა მოაგროვა, ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე პოზიციას გორის ''დილა'' იკავებს, რომელმაც შინ ქუთაისის ''ტორპედო'' 2:0 დაამარცხა, ანდრე დემჩენკოს გუნდის აქტივში 22 ქულაა. მესამე ადგილზე თბილისის ''დინამოა'' 19 ქულით.