„ერთ-ერთი უდიდესი კლუბი 37 წლის ფეხბურთელს არ უნდა ყიდულობდეს“ - კარაგერი
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები მისი შეძენის გამო მწვავედ გააკრიტიკა.
რას ამბობს კარაგერი:
„ყოველთვის პრობლემად მიმაჩნდა ის ფაქტი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რონალდუ იყიდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი 37 წლის ფეხბურთელს არ უნდა ყიდულობდეს.
ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ მათ კრიშტიანუს შენარჩუნება არ სჭირდებათ. ახლა კლუბს ბევრი პრობლემა აქვს, მათგან სულ გვესმის, რომ სჭირდებათ ნახევარმცველი, ცენტრალური მცველი და ა.შ. ამ სეზონში ვნახეთ, რომ რამდენიმე შეხვედრაში, რომელშიც რონალდუმ არ ითამაშა, ეს ბევრად უფრო დიდ პრობლემებში გადაიზარდა. გუნდი ერთ ფეხბურთელზე მორგებული და დამოკიდებული არ უნდა იყოს.
როცა ახალ თავდამსხმელს მოიყვანენ, სასტარტოში უნდა ითამაშოს, თუ რონალდუს შემცვლელი უნდა იყოს? მწვრთნელის ადგილზე ამაზე სერიოზულად დავფიქრდებოდი. „იუნაიტედისთვის“ ყველაზე ხელსაყრელი ჰოლანდის ყიდვა იქნებოდა, თუმცა ის ახლა „მანჩესტერ სიტიში“ მიდის.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პატარა კლუბივითაა. სიტუაცია ისეთია, როგორიც რუნის შემთხვევაში იყო. ის „ევერტონში“ მხოლოდ იმის გამო დაბრუნდა, რომ გულშემატკივრები გაეხარებინა“.
შეგახსენებთ, რომ 2021/22 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ „წითელი ეშმაკების“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 შეხვედრა ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსები ფაქტობრივად დაკარგული აქვს. 36 ტურის შემდეგ რალფ რანგნიკის გუნდი 58 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან „არსენალს“, რომელსაც ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ მომავალი სეზონიდან კლუბის მთავარი მწვრთნი ერიკ ტენ ჰაგი იქნება.